რუსეთი აცხადებს, რომ ”სრულად” შეასრულა ექვს-პუნქტიანი შეთანხმება
რუსეთმა ”სრულად შეასრულა” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვს-პუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 29 აგვისტოს განცხადებაში.
”რუსული ჯარები გაყვანილია, უსაფრთხოების ზონაში, სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს ამ გეგმის შესაბამისად რჩება რუსი სამშვიდობოების ნაწილი,”- ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთს მხოლოდ გორსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს შორის ე.წ. ბუფერულს ზონებში კი არ აქვს სტაციონარული ბლოკსაგუშაგოები შექმნილი, არამედ ქალაქ ფოთის და სენაკის შესასვლელებთან – ქვეყნის დასავლეთ ნაწილის სიღრმეში.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება არაფერს ამბობს სამეგრელოს ბლოკსაგუშაგოებზე, თუმცა რუსეთის გენშტაბის მეთაურის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 23 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთი არა აპირებს ამ ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას.
”ფოთი არ შედის უსაფრთხოების ზონაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვისხდებით ღობის იქით და ვუყურებთ, როგორ დადიან ისინი [ქართველი სამხედროები] ჰამერებით,”- განაცხადა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება დიდი შვიდიანის ქვეყნების 27 აგვისტოს ერთობლივი განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც დაგმობილია რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.
”ეს ნაბიჯი [დიდი შვიდიანის] მიკერძოებულია და მიმართულია საქართველოს აგრესიული მოქმედებების გამართლებისკენ,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)