ახალი ამბები

ნატოს გემები სააკაშვილისთვის მართებული სიგნალი არ არის – პუტინის წარმომადგენელი

აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა Dallas და რაკეტსაწინააღმდეგო გემი USS McFaul. ფოტო: აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი.

დიმიტრი პესკოვმა, პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნატოს საბრძოლო გემების ყოფნას არ აღიქვამს ”სააკაშვილის რეჟიმი მშვიდობისკენ მოწოდებად”.

”შავ ზღვაში ნატოს გემების შემოსვლის მიზნად სახელდება ჰუმანიტარული დახმარება… საბრძოლო გემები ნაკლებად თუ წარმოადგენენ ჩვეულებრივ საშუალებას ასეთი დახმარების მისაწოდებლად,”- იუწყება ”ინტერფაქსი” პესკოვის სიტყვებზე დაყრდნობით, ”მსგავს ქმედებებს ნაკლებად თუ აღიქვამს სააკაშვილის რეჟიმი, როგორც მშვიდობისკენ მოწოდებას. პირიქით, ეს კიდევ უფრო მეტად უბიძგებს პრეზიდენტ სააკაშვილს გაუაზრებელი მოქმედებებისაკენ”.

რუსეთის განშტაბის განცხადებით, შავ ზღვაში ნატოს ქვეყნების 10 გემია მობილიზებული.

ნატო-ს საზღვაო ძალების გაერთიანებულმა შტაბმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ნატოს სამი სამხედრო გემი – ესპანური Almirante Don Juan Bordon, გერმანული F214-Lübeck და პოლონური ORP General K Pulaski  – ახორციელებდნენ დაგეგმილ ცურვას შავ ზღვაში.

აშშ-ს საზღვაო ძალების რაკეტსაწინააღმდეგო გემმა USS McFaul უკვე ჩამოიტანა ჰუმანიტარული ტვირთი ბათუმში და ის ჯერ კიდევ რჩება შავ ზღვაში. 

ამერიკული სანაპირო დაცვის კატარღა Dallas (WHEC 716) ასევე ჰუმანიტარული ტვირთით ბათუმში 27 აგვისტოს შემოვიდა და დაგეგმილია, რომ აშშ-ს საზღვაო ძალების მომდევნო გემი USS Mount Whitney თვის ბოლოსთვის დაიძრება საქართველოსკენ, აშშ-ს ევროპული სარდლობის თანახმად.

იმავდროულად, რუსული სამხედრო ფლოტის გემები, მათ შორის ფლოტის ფლაგმანი სარაკეტო კრეისერი ”მოსკვა”, სოხუმის გასწვრივ რეიდზე დადგა 27 აგვისტოს.

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა, რომელიც მიესალმა რუსულ სამხედრო გემების ეკიპაჟს და ასევე ესტუმრა კრეისერ ”მოსკოვას”, განაცხადა, რომ რუსული ფლოტი მათი უსაფრთხოების გარანტიაა. მან ასევე განაცხადა, რომ ისურვებდა რუსეთის საზღვაო ძალების გემები მუდმივად დარჩენილიყვნენ.

ანალოგიური რიტორიკა ისმოდა საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან, რომელთაც ამ დღეებში ამერიკულ გემებს დახვედრა მოუწყვეს ბათუმში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა 24 აგვისტოს USS McFaul-ის დახვედრისას განაცხადა, რომ ქართულ აკვატორიაში ამერიკული გემის ყოფნა ნიშნავს, რომ მსოფლიოში არავინ არ მისცემს პუტინის რუსეთს უფლებას ჩაერიოს საქართველოს საქმეებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button