ახალი ამბები

რუსული ძალები ადასტურებენ გასვლის ვადებს

რუსული ჯავშანმანქანა სოფელ იგოეთში, 20 აგვისტო. ფოტო: ინტერპრესნიუსი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა დღეს დაადასტურა, რომ 22 აგვისტოსთვის გაიყვანს თავის ძალებს საქართველოს ტერიტორიის სიღრმიდან, როგორც ეს კრემლმა განაცხადა.

”რუსული ძალების გაყვანა ისეთი ტემპით მიმდინარეობს, რომ 22 აგვისტოს ბოლოსთვის ისინი რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში იქნებიან,” – განაცხადა გენშტაბის მეთაურის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 21 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

”გორის მიდამოებიდან უკვე გამოყვანილია საარტილერიო ნაწილი,” – დასძინა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავის ფრანგ კოლეგას განუცხადა, რომ რუსეთი თავის ძალებს საქართველოს სიღრმიდან 22 აგვისტოსთვის გაიყვანდა, განაცხადა კრემლმა ორი დღის წინ. 

თუმცა, თბილისის განცხადებით, გაყვანის რაიმე ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. 

რუმინეთის პრეზიდენტთან ტრაიან ბასესკუსთან თბილისში ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსული ძალები არა მხოლოდ აჭიანურებენ გაყვანის პროცესს, არამედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოძრაობენ, გადაჯგუფებას ახდენენ და სტრატეგიულ პუნქტებზე კონტროლს ამყარებენ.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ახალგორში, რომელიც ადმინისტრაციულად ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ნაწილია, თუმცა არასდროს ყოფილა სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, რუსული ძალები და ოსი სეპარატისტები შევიდნენ. 

ახალგორი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის აღმოსავლეთ კიდეზე მდებარეობს. ქალაქში შესვლა იგოეთიდანაა შესაძლებელი. რუსულ ძალებს იგოეთში საგუშაგო აქვთ გახსნილი.

სააკაშვილმა 21 აგვისტოს Associated Press-ს განუცხადა, რომ რუსული ძალების გადაჯგუფება და მანევრირება საქართველოში არის ”გარკვეული ტიპის მოტყუება” და რომ რუსეთი ”მსოფლიოს დასცინის”. 

Associated Press-ი ასევე იტყობინება, რომ რუსულმა ჯავშანტექნიკამ და სამხედრო მანქანებმა ფოთის შესასვლელში მდებარე ხიდი გადაკეტეს, რუსულმა ძალებმა სანგრები გათხარეს და ნაღმტყორცნები ქალაქის მიმართულებით დააყენეს. 

რუსული ჯავშანტექნიკის და სამხედრო მანქანების კიდევ ერთი ჯგუფი ახლომდებარე ტყიან ტერიტორიაზე განალაგეს.

ამავდროულად, სოფელ ოსიაურის მახლობლად აფეთქების ხმა გაისმა. ხმა, სავარაუდოდ, იქ მდებარე ქართული სამხედრო ბაზიდან მოდიოდა, რომელიც ხაშურიდან 2 კილომეტრში მდებარეობს.

”ძალიან ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა,” – განუცხადა ხაშურის დასავლეთით მდებარე ტერიტორიის მაცხოვრებელმა Civil.Ge-ს.

ანალოგიური ინფორმაცია ოსიაურის სამხედრო ბაზიდან აფეთქებების ხმის შესახებ ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, რუსი სამხედროები კვლავ განაგრძობენ საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას, ”ძარცვავენ და ანადგურებენ ბაზებს”.

რუსი სამხედროების თქმით, მათ ძალებს იერიში მიაქვთ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე და ქართული არმიის მიერ დატოვებული საბრძოლო მასალის ”უზარმაზარ საწყობებს ანეიტრალებენ”.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button