ახალი ამბები

ნატო საქართველოს კონფლიქტის შემდგომ დახმარებას აღმოუჩენს

ნატო საქართველოს დაეხმარება:
•საჰაერო-სატრანსპორტო სისტემის აღდგენაში;
•კიბერშემოტევების წინააღმდეგ დაცვაში;
•შეიარაღებული ძალების მდგომარეობის შეფასებაში;
•სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ზიანის შეფასებაში.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბრიუსელში გამართულ საგანგებო სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს საბჭოს შექმნის შესახებ და განუცხადეს რუსეთს, რომ აჩერებენ ნატო-რუსეთის ანალოგიური საბჭოს საქმიანობას.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა მანამდე არ ჩატარდება, სანამ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ”ოკუპირებას”.

”რუსეთის ძალებს საქართველოს უდიდესი ნაწილი აქვთ ოკუპირებული… ისინი სუვერენული სახელმწიფოს ნაწილის ოკუპაციას ახორციელებენ,” – განაცხადა მან.

თუმცა, განცხადებაში, რომელიც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საგანგებო სხდომის შემდეგ გამოაქვეყნეს, სიტყვა ”ოკუპაცია” საერთოდ არაა ნახსენები. მასში ნათქვამია, რომ ნატო ”შეშფოთებულია”.

”შეშფოთებულები ვართ კრიზისის დროს რუსეთის ქმედებების გამო და ვახსენებთ რუსეთს მის პასუხისმგებლობას უზრუნველყოს უსაფრთხოება და წესრიგი მათი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ კვლავაც ვრცელდება ინფორმაცია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განზრახ განადგურების შესახებ,” – ნათქვამია განცხადებაში, ”რუსეთის სამხედრო ქმედება არაპროპორციულია და არ შეესაბამება მის სამშვიდობო როლს”.

ნატომ ასევე მოუწოდა რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და დაიწყოს საქართველოდან ძალების გაყვანა. სხეფერის თქმით, იგი ”ამ მომენტისთვის ამის რაიმე ნიშნებს” ვერ ხედავს.

სხეფერმა ასევე განაცხადა, რომ ნატოს გადაწყვეტილება შეაჩეროს ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობა არ ნიშნავს, რომ ნატო გამოდის ამ საბჭოდან. ”ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს განზრახვა ყველა კარი დავკეტოთ. ეს არ ხდება ამ მომენტში,”  – განაცხადა მან.

მისი თქმით, ნატომ გადაწყვიტა რამდენიმე ნაბიჯი გადადგას საქართველოსთან მიმართებაში და მათ შორისაა ერთობლივი კომისიის შექმნა, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ ნატოს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაუწევს კოორდინირებას და ზედამხედველობას. სხეფერის თქმით, ეს იქნება ანალოგიური მექანიზმი, რომელიც უკრაინასთან 1997 წელს შეიქმნა, თუმცა საქართველოსთან ამგვარი სტრუქტურა აქამდე არ არსებობდა. 

დახმარების კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა დაწყებაც ნატომ რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტა, ითვალისწინებს ნატოს 15 სამოქალაქო ექსპერტის გამოგზავნას, რომლებიც დაეხმარებიან ხელისუფლებას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართ მიყენებული ზიანის შეფასებაში. 

სხეფერმა განაცხადა, რომ ნატო ასევე დაეხმარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებულ ძალების არსებული მდგომარეობის შეფასებაში.

მისი თქმით, ნატო დაეხმარება საქართველოს საჰაერო-სატრანსპორტო სისტემის აღდგენაში, ასევე კიბერშემოტევების წინააღმდეგ დაცვაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნატო ”მიკერძოებულია” რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შეფასებისას და ”ანტირუსულ” ხაზს ატარებს. 

ლავროვმა 19 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალური მდივნის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ ნატოს პოზიციას მართლაც ექნება გავლენა მასთან რუსეთის მომავალ ურთიერთობებზე. 

ლავროვმა უკმაყოფილება არ დამალა, რომ ნატომ პრეტენზიები ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების კონტექსტში მხოლოდ რუსეთის მიმართ გამოხატა.

”ყველა პრეტენზია ჩვენზეა მომართული,”- განაცხადა ლავროვმა, ”თითქოს ამ პრინციპებში არ შედიოდეს საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება დაუყოვნებლივ დააბრუნოს თავისი ჯარები მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილებში; ისიც რომ ბატონმა სააკაშვილმა მოაწერა ხელი სახეშეცვლილ დოკუმენტს, რომელიც მხარეების მიერ იქნა შეთავაზებული ხელმოსაწერად და ისიც, როგორც ცდილობდნენ ამ დოკუმენტის სხვადასხვანაირად ინტერპრეტირებას; და ისიც, ადგილი რომ აქვს მცდელობას დაიბლოკოს გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც მხარს დაუჭერდა ექვს პრინციპს პირვანდელი სახით”.

”ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არა ნატოს წევრები კარნახობენ ბატონ სააკაშვილს როგორი ქმედებები უნდა განახორციელოს მან, რათა შეესაბამებოდეს ნატოს მაღალ სტანდარტებს, არამედ ბატონი სააკაშვილი კარნახობს განვითარებულ დემოკრატიებს ნატოს წევრების სახით, რათა დააკმაყოფილონ მისი ამბიციები,”- აღნიშნა მან.

ლავროვის თქმით, ნატოს სურვილი ”შეათრიოს” საქართველო ალიანსში, ”ნაკარნახევია ერთმნიშვნელოვანი მისწრაფებით, რომელსაც სხვაგვარად არ შემიძლია ვუწოდო, თუ არა ანტირუსული და მიმართული აგრესიული რეჟიმის მხარდაჭერისკენ”.

დასავლური მედია იტყობინება 19 აგვისტოს, რომ ნატოს მოკავშირეებს შორის ერთსულოვნება არ ყოფილა, რადგანაც ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო რუსეთის მიმართ მკაცრი პოზიციის დაკავების წინააღმდეგ გამოვიდა. CNN გადმოსცემდა, რომ ”ზოგიერთი ევროპელი ლიდერი” გაბრაზდა სააკაშვილის ქმედებების გამო და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ”არასწორი მართვის გამო”.

 

Back to top button