ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთში ეუთოს დამკვირვებელთა გაზრდაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის

ვენაში 19 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ეუთომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთში დამკვირვებელთა დამატებითი რაოდენობის გაგზავნის თაობაზე, იტყობინებიან AFP და AP ორგანიზაციის ფინეთის თავმჯდომარეობის წარმომადგენელზე ალექსი ჰარკონენზე დაყრდნობით.

მისი თქმით, განხილვა კვლავ გაგრძელდება.

ამავე ინფორმაციით, რუსეთი ეუთოს დამატებითი დამკვირვებლების კონფლიქტის ზონაში დაუყონებლივ განთავსების წინააღმდეგ გამოვიდა.

18 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ეუთოს დამკვირვებლების ”მნიშვნელოვანი რაოდენობის” განთავსებას რეგიონში. თუმცა, განცხადებაში არაფერია ნათქვამი ამ განთავსების ვადებთან დაკავშირებულ პოზიციაზე.

ეუთოს ფინეთის თავმჯდომარეობამ სთხოვა წევრ სახელმწიფოებს დამატებით 100 დამკვირვებელი განათავსონ ადგილზე.

ამჟამად, ეუთოს მისიას მხოლოდ რვა უიარაღო სამხედრო დამკვირვებელი ჰყავს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას აკონტროლებენ. ისინი კონფლიქტის ზონიდან 7 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ გამოვიდნენ. 

ეუთოს 56 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის თანხმობაა საჭირო დამკვირვებელთა გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.   

 

Back to top button