
ოპოზიცია ნატოს მიმართავს დააჩქაროს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი
ორმა ოპოზიციურმა პარტიამ – ახალმა მემარჯვენეებმა და რესპუბლიკელებმა – დღეს ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების სახელზე ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ნატოს საქართველოს დაჩქარებული წესით ინტეგრაციის თხოვნით მიმართავენ.
”მოგმართავთ თხოვნით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტის საფუძველზე დაყრდნობით, მიიღოთ გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს დაჩქარებული წესით ინტეგრაციის თაობაზე,” – ნათქვამია მიმართვაში.
ამასთან, ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი თხოვნა არ უნდა იქნა აღქმული, როგორც ნატოს ჩარევის მცდელობა რუსეთთან დაპირისპირებაში, არამედ ”უნდა იყოს მკაფიო გზავნილი ყველასთვის, ვინც ფიქრობს სამხედრო აგრესიული გზით საკუთარი იმპერიული გეგმების განხორციელებას”.
”იმავდროულად ეს იქნება გზავნილი ყველა თავისუფლების მოყვარე ქვეყნებისთვის, რომ ისინი ამ ბრძოლაში მარტონი არ არიან. ხოლო საქართველოსთვის რეალური საშუალება დააღწიოს თავი საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტს და გააგრძელოს მშვიდობიანი სვლა დემოკრატიისთვის,” – ნათქვამია მიმართვაში.
მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს პრესკონფერენციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ”ხანგრძლივი კონსულტაციების” თავიდან აცილების მიზნით, ორმა პარტიამ, ”რომელთაც არასოდეს არ გადაუხვევია ნატოში ინტეგრაციის კურსიდან,” დაჩქარებული წესით მოამზადა მიმართვა.
”ყველა დანარჩენი პარტია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საჭიროა თუ არა მათი მხრიდან საკუთარი პოზიციის დაფიქსირება,”- დასძინა მან.
იმავდროულად, გამყრელიძემ და რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი რუსული აგრესიის საფრთხის განეიტრალებამდე ხელისუფლების ოპონირებაზე მორატორიუმს შეინარჩუნებენ, თუმცა შემდეგ დაიწყება მომხდარის სამხედრო და პოლიტიკური გაანალიზება.
უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა პოზიცია, რომ ”საქართველოში აგრესორის კარნახით ხელისუფლებები არ უნდა იცვლებოდეს”.