ახალი ამბები

რუსული ძალების გაყვანის ნიშნები არ ჩანს

ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ რუსული ძალები თავიანთი პოზიციების დატოვებას გეგმავენ.

რუსული ძალები კვლავ აკონტროლებენ გორს და სხვაგანაც გადაინაცვლეს. თვითმხილველმა განუცხადა Civil.Ge-ს, რომ 20-მდე რუსული ჯავშანმანქანა დგას ხაშურის ცენტრში.

ამასთან, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ალექსანდრე ბორისოვმა, რომელიც გორშია გამწესებული, განაცხადა, რომ იგი არაა ქალაქში ქართული საპატრულო პოლიციის ყოფნის წინააღმდეგი. ”თუმცა არ უნდა შემოვიდნენ [შინაგან საქმეთა სამინისტროს] სპეცდანიშნებულის რაზმები,” – განაცხადა ბორისოვმს 15 აგვისტოს გვიან ღამით.  

იმავდროულად, რუსული ძალები – 8 ურალის ტიპის მანქანითა და 1 ჯავშანტრანსპორტიორით – დღეს დილით კვლავ გამოჩნდნენ ფოთის სანაპირო დაცვის ბაზაზე და ბოლო დღეების მანძილზე გაუძარცველად დარჩენილი ქონების მიტაცებასა და მძიმეწონიანი ტექნიკის ტერიტორიიდან გატანას განაგრძობენ, იტყობინება სასაზღვრო პოლიცია. სანაპირო დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button