ახალი ამბები

ოპოზიცია რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში ერთსულოვნებას ადასტურებს

საქართველოს დღეს სჭირდება შიდა პოლიტიკური ერთსულოვნება რუსეთის აგრესიის ფონზე, აცხადებს ოპოზიცია და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მომხდარში პასუხისმგებელ პირებზე დისკუსიების დრო არ არის. 

”საქართველოში დღეს, როდესაც ბოგინებს რუსული ტანკები მთელს ტერიტორიაზე, მის მეტ ნაწილზე, აუცილებელია ერთსულოვნება, სიმტკიცე და ვერასდროს გარეშე მტერი ვერ ეღირსება იმას, რომ შიგნით პოლიტიკურად მიიღოს დაძაბულობა,” – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, ”მე ვიყავი, ვინც პირველად გავილაშქრე რუსული ე.წ. სურვილის წინააღმდეგ დაენიშნათ თავისი კაცი  საქართველოს ხელისუფლებაში”.

ამ განცხადებით სააკაშვილის მთავარმა კონკურენტმა იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გააბათილა Financial Times-ში გამოქვეყნებული სტატია, სადაც ის აცხადებს, რომ ოპოზიცია მოითხოვს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, რადგან ამ მთავრობას ნდობა არ აქვს.

იმავე სტატიაში, კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ ”სააკაშვილი პირადადაა პასუხისმგებელი სამხედრო ოპერაციაზე” და მას შემდეგ, რაც სიტუაცია განიმუხტება, მისი პარტია ხელისუფლების შესაცვლელად მასობრივი გამოსვლებისკენ მოუწოდებს.

კუკავამ Civil.ge-ს განუცხადა, რომ სტატიაში მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილად იქნა გამოყენებული.

”ჩვენი პოზიცია ასეთია: მთავარია რუსულმა ტანკებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და შემდეგ დაიწყება დისკუსიები ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა,”- განაცხადა მან.

11 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში რესპუბლიკურმა პარტიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უმთავრესი ამოცანაა რუსეთის აგრესიის შეჩერება და კონფლიქტებთან დაკავშირებით მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებების პირობების გაუარესების არ დაშვება. 

“შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის ქვეყნის უმწვავეს კრიზისამდე მიყვანის მიზეზებზე და პასუხისმგებელ პირებზე, რესპუბლიკური პარტია თავის შეფასებებს, პოზიციას და მომავლის ხედვას საზოგადოებას გააცნობს მხოლოდ ზემოთ მოყვანილი პრობლემების მოგვარების კვალობაზე,”- განაცხადეს რესპუბლიკელებმა.

ახალმა მემარჯვენეებმა რუსული აგრესიის პირველივე დღეებში ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე მორატორიუმი გამოაცხადეს.

Back to top button