skip to content
ახალი ამბები

პუტინი საქართველოს ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთზე აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

 რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვალდიმერ პუტინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და ”პატივისცემით მოეკიდოს სხვა ხალხების კანონიერ უფლებებს”.

მან საქართველოს ხელისუფლების ქმედება სამხრეთ ოსეთში დანაშაულად შეაფასა და განაცხადა, რომ მოგვიანებით თავად ქართველი ხალხი ობიექტურ შეფასებას მისცემს საკუთარი ხელისუფლების ამ ქმედებას.

”საქართველოს ხელისუფლების მოქმედება სამხრეთ ოსეთში ეს რა თქმა უნდა  დანაშაულია და პირველ რიგში ეს დანაშაულია საკუთარი ხალხის წინაშე. იმიტომ, რომ მიყენებულია სასიკვდილო დარტყმა თვით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაზე, რაც ნიშნავს აურაცხელ დანაკარგს მისი სახელმწიფოებრიობის მიმართ”, – განაცხადა პუტინმა.

”ძნელად შეიძლება წარმოიდგინო როგორ შეიძლება მომხდარის შემდეგ დაარწმუნო სამხრეთ ოსეთი შევიდეს საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში.

მოვა დრო და თავად საქართველოს მოსახლეობა მისცემს ობიექტურ შეფასებას თავისი ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებას. ვფიქრობ, რომ საქართველოში და რუსეთში და საერთოდ მთელს მსოფლიოში ნათელი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მისწრაფება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში – ნატოში  გაწევრიანებისკენ ნაკარნახევია არა უსაფრთხოების გლობალური სისტემის ნაწილად გახდომის და საერთაშორისო მშვიდობის საქმეში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილით, არამედ ნატოში გაწევრიანება ნაკარნახევია სულ სხვა სურვილით –  მცდელობით ჩართოს სხვა ქვეყნები და სხვა ერები თავის სისხლიან ავანტიურაში”.

”რაც შეეხება რუსეთს, იურიდიული თავლსაზრისით ჩვენი ქმედება აბსოლუტურად საფუძვლიანი და ლეგიტიმურია. უფრო მეტიც, ისინი აუცილებელია. მოქმედი  საერთაშორიოს შეთანხმებების  შესაბამისად, მათ შორის 1999 წლის შეთანხმებით, რუსეთი არამარტო ასრულებს სამშვიდობო ხასიათის ფუნქციას, არამედ ერთი  მხრის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევისას ვალდებულია აიყვანოს დაცვის ქვეშ მეორე მხარე, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ შეთანხმების შესაბამისად, ამ სიტუაციაში სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში”, – აცხადებს პუტინი.

”ამასთან ჩვენ არავის ვაპირებთ ვინმეს რაიმე შემოვახვიოთ თავს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის როგორ მსოფლიოში ვცხოვრობთ. ვისწრაფით სამართლიანად, მშვიდობიანად მოვაგვაროთ ყველა ის კონფლიქტური სიტუაციის, რომელიც წარსულიდან დაგვრჩა”.

”მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, შეწყვიტოს ყველა არსებული სამშვიდობო და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა და პატივისცემით მოეკიდოს სხვა ერების კანონიერ უფლებებს და ინტერესებს. თუ ვინმეს სურს, რომ მას პატივისცემით მოეპყრონ, მაშინ საჭიროა თავად სცეს პატივი სხვას”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button