ახალი ამბები

”შედარებითი სიწყნარის” მიუხედავად, დაძაბულობა ცხინვალის რეგიონში კვლავ მაღალია

3 აგვისტოს ღამით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაბალი ინტენსივობის სროლები დაფიქსირდა.

სამხრეთ ოსური მხარის ინფორმაციით ზნაურის რაიონის სოფლებს, მათ შორის მუგუთს და კიდევ რამდენიმე პატარა მიმდებარე სოფელს 3 აგვისტოს, ადგილობრივი დროით ღამის 3 საათზე ცეცხლი გაუხსნეს. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, სროლების შედეგად არავინ დაშავებულა.

ამავდროულად, ქართულმა მხარემ ცხინვალი დაადანაშაულა ცეცხლის გახსნაში სოფელ დვანში არსებული მისი საგუშაგოს მიმართულებით. ეს სოფელი ოსურ სოფელ მუგუთთან ახლოს მდებარეობს. მისი თქმით, ქართული მხრიდანაც არავინ დაშავებულა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა იური მოროზოვმა 3 აგვისტოს რუსულ ტელეკომპანიას განუცხადა, რომ მიუხედავად სროლებისა გასული ღამე ”შედარებით მშვიდი” იყო.

”თუმცა, ზოგადად სიტუაცია ძალიან დაძაბული რჩება,” – დასძინა მან.

ექვსი ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა ოცდაორი დაშავდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 1 აგვისტოს ღამით და 2 აგვისტოს გამთენიისას მომხდარი ბოლო თვეების მანძილზე ყველაზე ინტენსიური სროლების შედეგად.

რუსულმა ტელეკომპანიებმა, რომლებიც ინტენსიურად აშუქებენ კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებს, უჩვენეს ქალებითა და ბავშვებით სავსე ავტობუსების კადრები, რომლებიც ცხინვალს და მის მიმდებარე სოფლებს ტოვებენ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მათ ქალები და ბავშვები ჩრდილოეთ ოსეთში გადაჰყავთ, რათა აარიდონ ისინი შესაძლო შეტაკებებს.  

”ჩვენ იძულებული ვართ ბავშვების ევაკუაცია განვახორციელოთ; დღეს ბავშვებით დატვირთული ავტობუსების პირველი კოლონა გავუშვით ვლადიკავკაზში,” – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი თვითგამოცხადებული რეგიონის განათლების მინისტრის ზამირა ჯიოევას სიტყვებზე დაყრდნობით. ”ვლადიკავკაზში ბავშვებისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი”.

სულ თვითგამოცხადებული რეგიონიდან 534 ადამიანის, მათ შორის 390 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა. 

ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა თეიმურაზ მამსუროვმა 3 აგვისტოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილოეთ ოსეთში ”ლტოლვილების დიდი ნაკადი არ მოდის”.

ჩრდილოეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ერმაკ ძანსოლოვმა განუცხადა ”ინტერფაქსს”, რომ ეს არ არის ”ევაკუაცია”. მისი თქმით, ბავშვების გაგზავნა ჩრდილოეთ ოსეთში არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის ბავშვების მასპინძლობას არდადეგებზე ჩრდილოეთ ოსეთის კურორტებზე.

სამხრეთ ოსურმა მხარემ თბილისი საზღვართან ახლოს სამხედრო ნაწილების და საარტილერიო სისტემების განლაგებაში დაადანაშაულა. თუმცა, თბილისმა ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო.

რუსული ტელეკომპანია ”როსია”-სთვის 2 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ ქართული მხარე იმისათვის ”აწყობს პროვოკაციებს”, რომ ჩაშალოს შერეული საკონტროლო კომისიის შეხვედრა. 

მისი თქმით, რუსული მხარის წარმომადგენელი შსკ-ში იური პოპოვი შეხვედრის ორგანიზების მიზნით ცხინვალს ეწვია. კოკოითის თქმით, ქართულმა მხარემ თავდაპირველად თანხმობა განაცხადა შეხვედრაზე.

”თუმცა, ბოლო მომენტში ქართულმა მხარემ კიდევ უფრო მეტი პროვოკაციები მოაწყო, რაც იმით დასრულდა, რაც შუაღამისას [2 აგვისტოს] მოხდა,” – განაცხადა მან.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი, რომელიც 2 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ჩავიდა, შერეული სამშვიდობო ძალების სარდალს მარატ კულახმეტოვს შეხვდა.

იაკობაშვილის თქმით, იგი მზად იყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შეხვედროდა, თუმცა სამხრეთ ოსურმა მხარემ უარი განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, კულახმეტოვთან შეხვედრის დროს ქართული მხარე მოითხოვდა შერეული სამშვიდობო ძალების საგუშაგოს გახსნას სოფელ დიდ გუფთაში.

ეს სოფელი კონფლიქტის ზონის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარეობს – ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ცხინვალის გარშემო 15-კილომეტრიან რადიუსშია მოქცეული. სოფელი სტრატეგიულ გზაზე მდებარეობს, რომელსაც სამხრეთ ოსური მხარე ”სიცოცხლის გზას” უწოდებს. ის ცხინვალს რეგიონს ჩრდილოეთ ნაწილს უკავშირებს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფლებში შესვლის საჭიროების გარეშე. თბილისი იმედოვნებს, რომ დიდ გუფთაში სადამკვირვებლო პოსტის გახსნა ხელს შეუშლის იარაღის შეტანას კონფლიქტის ზონაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button