ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში სროლების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა ოცდაორი დაშავდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 1 აგვისტოს ღამით და 2 აგვისტოს გამთენიისას მომხდარი ბოლო თვეების მანძილზე ყველაზე ინტენსიური სროლების შედეგად.

ორივე მხარემ ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულა. 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა და თხუთმეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც 1 აგვისტოს საღამოს ქართულმა მხარემ ცეცხლი გახსნა, რაც შემდეგ, 1 აგვისტოს გვიან ღამით და 2 აგვისტოს გამთენიისას, ცხინვალის დაცხრილვით გაგრძელდა.

კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსული სამშვიდობო ძალების სარდლობის განცხადებით, ერთი ოსი მილიციელი დაიღუპა მას შემდეგ, რაც სნაიპერმა 1 აგვისტოს ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 6:17 საათზე სოფელ ფრისის მახლობლად მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოდან ცეცხლი გახსნა.

რუსი სამშვიდობოების თქმით, სნაიპერმა 1 აგვისტოს დილის 9 საათზე ცხინვალის მიმართულებითაც გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. რუსი სამშვიდობოების სარდლობა ასევე იტყობინებოდა მოგვიანებით იმავე დღეს, რომ ცხინვალს სოფელ ერგნეთიდან და ზემო ნიქოზიდან ნაღმტყორცნებიდან დაუშინეს ცეცხლი.

სამხრეთ ოსური მხარის ინფორმაციით, სროლები 2 აგვისტოს ღამეც გაგრძელდა.
 
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმის შედეგად ასევე გარდაიცვალა ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ბატალიონის ერთი სამხედრო.

მამუკა ყურაშვილმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, განაცხადა, რომ ქართულ მხარეს ქართული სოფლების დაცხრილვის საპასუხოდ მოუხდა ცეცხლის გახსნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული სოფლების ზემო ნიქოზის და ქვემო ნიქოზის დაცხრილვის შედეგად ექვსი სამოქალაქო პირი და ერთი ქართველი პოლიციელი დაშავდა.

ყურაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს სამხრეთ ოსური მხარის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თავდასხმა იყო. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე ეჭვობს, რომ ქართული სოფლების დაცხილვაში რუსი სამშვიდობოებიც მონაწილეობდნენ.

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 1 აგვისტოს განაცხადა, რომ ქართული მხარე ”სნაიპერულ ომს” აწარმოებს.

”ეს არის ჩვენი ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში ჩათრევის მცდელობა,” – განაცხადა მან. ”ამაში პასუხისმგებლობა უკრაინას და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ეკისრებათ, რადგანაც უკრაინამ საქართველოს 40 ცალი სნაიპერის იარაღი გადასცა, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – 120 ცალი… აქამდე სამხრეთ ოსური მხარე თავს იკავებდა რეაგირებისგან, მაგრამ ამიერიდან ამის გაკეთებას აღარ ვაპირებთ”. 

მანამდე, 1 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ხუთი ქართველი პოლიციელი დაშავდა, ერთი მათგანი მძიმედ, მას შემდეგ, რაც მათი მანქანა ორ ფუგასურ ნაღმზე აფეთქდა. თბილისმა თავდასხმაში სამხრეთ ოსური მხარე დაადანაშაულა. 

 

 

Back to top button