ახალი ამბები

ცხინვალი და თბილისი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

ქართულმა მხარემ 29 ივლისს დილით ცეცხლი გახსნა სამხრეთ ოსური სოფლების ანდისის და სარაბუკის მიმართულებით, განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილემ იბრაგიმ გასეევმა.

”დაახლოებით დილის 5:00 საათზე ქართველმა სამშვიდობოებმა ცეცხლი გახსნეს, მათ შორის ყუმბარტყორცნებიდან, სოფელ საბარუკის მიდამოებში მდებარე უკანონო საგუშაგოებიდან. სროლა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა,” – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი გასეევის სიტყვებზე დაყრდნობით. ”დაახლოებით დილის 8:00 საათზე ქართულმა ძალებმა დაიწყეს სოფელ ანდისის დაცხრილვა. ცეცხლი ქართულ სოფელ სვერიდან გაიხსნა”.

მან ასევე განაცხადა, რომ სროლების შედეგად არავინ დაშავებულა.

ქართულმა მხარემ უარყო, რომ მან პირველმა გახსნა ცეცხლი და სამხრეთ ოსური შეიარაღებული ნაწილები სარაბუკის სტრატეგიულ სიმაღლეებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

დღესვე კონფლიქტის ზონაში განთავსებული შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობა იტყობინება კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც სოფელ სვერიდან ცეცხლი გაუხსნეს ეუთოს დამკვირვებლებს და სამშვიდობოებს. მათი თქმით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

ანალოგიური ინციდენტი 28 ივლისსაც მოხდა, როდესაც სამხრეთ ოსურმა შეიარაღებულმა ნაწილებმა არ მისცეს საშუალება სამშვიდობოებს და ეუთოს დამკვირვებლებს სოფელ ჩოლიბაურში მონიტორინგი განეხორციელებინათ.

 

 

Back to top button