ახალი ამბები

თბილისი აფხაზურ გეგმაში რუსეთის ქმედებებზე ფოკუსირებას ითხოვს

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ”ნებისმიერ სამშვიდობო პროცესში” პირველი ეტაპი უნდა გახდეს აფხაზეთთან მიმართებაში რუსეთის გადაწყვეტილების გაუქმება, რომელიც ეხება თვითგამოცხადებულ რეგიონებთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას.

წერილობით განცხადებაში, რომელიც 22 ივლისს გამოქვეყნდა, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ იგი მიესალმება ”გერმანიის აქტიურ ჩართვას სამშვიდობო პროცესის წინსვლაში”.

”თუმცა, იმ ფორმით, როგორც წარმოდგენილია, გერმანული გეგმა ვერ ასახავს უშუალო მიზეზს ბოლოდროინდელი, სახიფათო ესკალაციისა, რასაც კონფლქიტურ ზონებში ჰქონდა ადგილი – რუსეთის ფედერაციის როლსა და ქმედებებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

”რუსეთმა ცენტრალური როლი ითამაშა საქართველოში უსაფრთხოების დონის შემცირებაში. როგორც უპირველესი ნაბიჯი ნებისმიერ სამშვიდობო პროცესში, საქართველოს მთავრობა მოითხოვს აღიკვეთოს საქართველოს სუვერენიტეტის სამართლებრივი, სამხედრო და ეკონომიკური დარღვევები, რაც რუსეთის ქმედებებს მოყვა”.

მარტის დასაწყისში რუსეთი ცალმხრივად გამოვიდა 1996 წლის დსთ-ს შეთანხმებიდან, რომელიც აფხაზეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. აპრილში მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომელშიც ავალებს სახელმწიფო სტრუქტურებს თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კავშირები დაამყარონ. ამ ქმედებას მოყვა აპრილის ბოლოს აფხაზეთში დამატებითი ძალების განთავსება. მაისის ბოლოს კი რუსეთმა რეგიონის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით აფხაზეთში თავისი სარკინიგზო ძალები გაგზავნა.      
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button