ახალი ამბები

სუბარი: ქართულ ტელეკომპანიებს ხელისუფლება აკონტროლებს

ხელისუფლების ”მიზანმიმართული მცდელობების” შედეგად, საქართველო ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გარეშე დარჩა, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 4 ივლისს.

მან ეს განცხადება ბათუმში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელებას მიეძღვნა.

”საქართველოს ხელისუფლება ამაყობს მართლაც ერთ–ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობით, რამაც თითქოს უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება,” – განაცხადა სუბარმა, ”მაგრამ, ამავე დროს, ამ სფეროში შექმნილია უმძიმესი ვითარება, რომელიც დღითიდღე ემსგავსება არცთუ შორეულ კომუნისტურ წარსულს”.

”ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედებების შედეგად ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ დარჩა დამოუკიდებელი ტელევიზია, გარდა ”კავკასიისა“, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს,” – განაგრძო მან, ”დანარჩენი ტელევიზიები მუშაობენ სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრესი ცენზურის ქვეშ და საინფორმაციო პოლიტიკას წარმართავენ სახელმწიფო მოხელეების მითითებით და დაკვეთით”.

მან ასევე განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ”ბიზნესმენების დაბარება და დამუშავება, რათა მათ რეკლამა არ განათავსონ ”კავკასიაზე“.

”ამ ვითარებაში ლიბერალური კანონმდებლობა რჩება იმ შირმად, რომლის მიღმაც თავისუფალი სიტყვას გუდავენ,” – დასძინა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button