
ლავროვი შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონში დაძაბულობის გამო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეშფოთება გამოხატა ცხინვალის რეგიონში ”მოვლენათა აბსოლუტურად დაუშვებელი მიმართულებით განვითარების” გამო და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას დაარწმუნოს თბილისი ხელი მოაწეროს სეპარატისტებთან შეთანხმებებს ძალის არ გამოყენების თაობაზე, იუწყებიან სააგენტოები ”რია ნოვოსტი” და ”იტარ-ტასსი”.
სამი ადამიანი დაიღუპა ბოლო ორ დღეში ცხინვალის რეგიონში სროლებისა და აფეთქებების შედეგად. ქართულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.
”ჩვენ ძლიერად ვართ შეშფოთებულები და სასურველი იქნებოდა როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების მიმართულებით – დაუყონებლივ იქნას გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რათა დაარწმუნონ თბილისი ხელი მოაწეროს დოკუმენტს ძალის არ გამოყენების თაობაზე,”- განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სამშვიდობო სიგნალებს უცნაურად სდევს თან დაძაბულობის მკვეთრი ზრდა.
”არ იქნებოდა სასურველი, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მიმართულებით წინსვლის პერსპექტივა გამოყენებული იქნას სამხრეთ ოსეთში ძალისმიერი მეთოდების ასამოქმედებლად,”- განაცხადა ლავროვმა.