
ლომაია შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთში აფეთქებების გამო
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია 1 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთის რეგიონში 29 და 30 ივნისს მომხდარი აფეთქებების გამო და გაუგებარს უწოდებს სოხუმის გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე.
მისი თქმით, ეს ინციდენტები უკანონო ბიზნესებს შორის გავლენის სფეროების განაწილებას უკავშირდება, რომელთა მფლობელებს შორის რუსეთის ”მაღალი დონის ჩინოსნებიც სახელდებიან” და რომლებსაც სეპარატისტთა ლიდერები მფარველობენ.
”რუსეთის ხელისუფლების ცალმხრივმა უკანონო ნაბიჯებმა ხელი შეუწყო ამ რეგიონში ჩრდილოვანი კაპიტალისა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური ინტერესების შემოსვლას,”- აცხადებს ლომაია, ”ბოლოდროინდელი ინციდენტები სწორედ ამ უკანონო ბიზნესებს შორის გავლენის სფეროების განაწილებას უკავშირდება. ეს ინციდენტები წარმოადგენს საქართველოს ამ რეგიონში გასულ თვეებში მომხდარი ინციდენტების სერიის – აფეთქებები, შეიარაღებული თავდასხმები მოსახლეობაზე, მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები, – გაგრძელებას”.
გაგრასა და სოხუმში მომხდარი აფეთქებების შედეგად 12 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. სოხუმმა მომხდარში თბილისი დაადანაშაულა, თუმცა ქართულმა მხარემ ეს ბრალდებები კატეგორიულად უარყო.
ლომაიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ინიციატივები ამ რეგიონში კანონიერებისა და წესრიგის აღდგენას ისახავს მიზნად, რაც შესაძლებლობას მისცემს აქ მცხოვრებ მოქალაქეებს შეუფერხებლად გადაადგილდნენ და აწარმოონ საქმიანი ურთიერთობები ქვეყნის შიგნით და მის გარეთ.
თუმცა, აცხადებს ლომაია, ”უკანონო რეჟიმი იზოლაციას და კარჩაკეტილობას” არჩევს, რისი ”ნათელი ილუსტრაციაა, სეპარატისტთა დღევანდელი გადაწყვეტილება გაურკვეველი ვადით ჩაკეტონ მიმოსვლა გალისა და ზუგდიდის რაიონებს შორის”.
This post is also available in: English Русский