ახალი ამბები

ბაღაფში უარყოფს აფხაზეთის დაყოფის შესახებ გეგმის განხილვას

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა კატეგორიულად უარყო მედიის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან რუსეთის ხელმძღვანელობასთან, და მათ შორის პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრაზე განიხილა წინადადება აფხაზეთის რუსულ და ქართულ გავლენის სფეროებად დაყოფის თაობაზე.

”მე გაზეთიდან შევიტყვე აფხაზეთის გავლენის სფეროებად დაყოფის თაობაზე გეგმის არსებობის შესახებ,” – იტყობინება ”ინტერფაქსი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით 27 ივნისს, ”განცხადებები, რომ ეს გეგმა დიმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე იქნა განხილული, უსაფუძვლოა. ჩვენ ამის მსგავსზეც კი არაფერზე გვისაუბრია.”

რუსული გაზეთი “კომერსანტი” იტყობინება 27 ივნისს, რომ თბილისმა მოსკოვს აფხაზეთის გავლენის სფეროებად დაყოფა შესთავაზა. საქართველოს ხელისუფლების და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცნობ წყაროებზე დაყრდნობით, გაზეთი წერს, რომ გეგმა ითვალისწინებს აფხაზეთის ფაქტიურ დაყოფას, რომლის თანახმადაც გალის და ოჩამჩირის რაიონები თბილისის კონტროლს დაექვემდებარება, ხოლო ოჩამჩირიდან ჩრდილოეთ ნაწილი რუსეთის დე ფაქტო კონტროლს. ”კომერსანტი” ასევე წერს, რომ მოსკოვი ამ წინადადებას სერიოზულად მოეკიდა და აფხაზეთის ხელმძღვანელობასთანაც დაიწყო მისი განხილვა.

”ინტერფაქსი” იტყობინება ბაღაფშის ადმინისტრაციის წყაროს სიტყვებზე დაყრდნობით: ”ვინმეს წარმოუდგენია, რომ სერგეი ბაღაფში ჩვენი ტერიტორიის ნაწილს და განსაკუთრებით ოჩამჩირის რაიონს საქართველოს გადასცემს კონტროლის დასამყარებლად? – ბაღაფში თვითონ ოჩამჩირიდანაა.”

     

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button