skip to content
ახალი ამბები

ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებათა დაცვის მიზნით დღეს ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს სახელით პრეზიდენტის მრჩეველმა თამარ კინწურაშვილმა და სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს სახელით სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა მოაწერეს ხელი.

”მემორანდუმის ფარგლებში ორივე მხარე იღებს ვალდებულებას ითანამშრომლონ საქართველოში ტოლერანტული გარემოს განვითარებისა და განმტკიცების, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხარისხის ამაღლებისთვის,”- აცხადებენ მემორანდუმის ხელმომწერნი.

კინწურაშვილის განცხადებით, ამგვარი თანამშრომლობა მეტყველებს სახელმწიფოს ნებაზე ხელი შეუწყოს ინტეგრაციის პროცესს, რაც ”კვლავინდებურად პრობლემატურია”.

სუბარის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაიწყება  უმცირესობათა ინტეგრაციის სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დასრულდება. 

დღესვე გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმების ციკლის  – ”მრავალეთნიკური საქართველო” – პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button