
პუტინი: საქართველოს წინააღმდეგ ”მისტრალის” გამოყენების საჭიროება არ არსებობს
რუსეთისთვის არ არსებობს იმის საჭიროება, რომ სადესანტო ხომალდი ”მისტრალი,” რომლის შეძენასაც ის საფრანგეთისგან გეგმავს, საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთში დაგეგმილი ვიზიტის წინ.
”ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ”მისტრალის” ტიპის შეიარაღების გამოყენებაა საჭირო. ვიმედოვნებ, რომ მოვლენები აღარასდროს მიგვიყვანს რუსეთსა და საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტამდე, არასდროს. ჩვენ ადრეც ყველაფერს ვაკეთებდით და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვკვეთოთ ამ ტრაგედიის გამეორება. თანამედროვე თავდასხმითი შეიარაღებები შესაძლებელს ხდის ნემისმიერი სამხედრო ოპერაციის განხორციელებას საქართველოს მთელი ტერიტორიის სიღრმეში რუსეთის ტერიტორიიდან და ამისათვის მისტრალი საჭირო არ არის,” – განაცხადა პუტინმა AFP-სთან და ფრანგულ ტელევიზიასთან "France 2"-თან ინტერვიუში.
”ეს თავდასხმითი შეიარაღებაა. აქვს საფრანგეთს ასეთი ვერტმფრენმზიდები შეიარაღებაში? აქვს. აპირებს საფრანგეთი ვინმეზე თავდასხმას? არა. რატომ გგონიათ, რომ რუსეთი აუცილებლად ვინმეს დაესხმება თავს ამ საშუალების გამოყენებით? თუ თქვენ გულისხმობთ – მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ – მაგალითად, ჩვენს ქართველ მეზობლებს… საქართველოს უზარმაზარი სახმელეთო საზღვარი აქვს რუსეთთან. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ორი წლის წინ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ხალხი დაიღუპა. და რუსეთი იძულებული გახდა დაეცვა თავისი სამშვიდობოების და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების სიცოცხლეები. და, როგორც ცნობილია, ის იძულებული გახდა – და მინდა ამას ხაზი გავუსვა – სამხედრო ძალები გამოეყენებინა მათ დასაცავად,” – განაცხადა პრემიერმა.
”ჩვენ თბილისიდან 20-15 კილომეტრში გავჩერდით და არა იმიტომ, რომ თბილისში შესვლა არ შეგვეძლო, არამედ იმიტომ, რომ ეს არ გვინდოდა. ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არანაირი სამხედრო მოქმედებები. სწორედ ამიტომაც იმყოფებოდნენ იქ ჩვენი სამშვიდობოები,” – განაცხადა პუტინმა.
This post is also available in: English Русский