ახალი ამბები

ლომაია პარლამენტის ბლოკირების წინააღმდეგ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ გააფრთხილა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს ვინმემ ახალი პარლამენტის საქმიანობის ბლოკირება მოახდინოს.

ყოველკვირეულ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, რომელიც 2 ივნისს გამოქვეყნდა, ლომაიამ განაცხადა, რომ ვინც ხელს შეუშლის პარლამენტის მუშაობას, იქნება დაპატიმრებული და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯილი.

”იმ პირთა მიმართ, ვინც პარლამენტის ბლოკირებას შეეცდებიან, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება,”- განაცხადა მან, ”თუ ჩაიდენენ იმ დონის დანაშაულს, რომ აღმკვეთი ღონისძიების გატარება გახდება საჭირო, მათ დააკავებენ. საჭირო იქნება ძალის გამოყენება? – სახელმწიფო ძალას გამოიყენებს და ასეთ ადამიანებს დააკავებენ. ვსარგებლობ თქვენი გაზეთის შესაძლებლობით და ამას ვაუწყებ თქვენს მრავალრიცხოვან მკითხველსაც და იმ პირთაც რომელთაც, შესაძლოა, ასეთი აზრები გაუჩნდეთ”.

რვა ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ და ლეიბორისტულმა პარტიამ ახალი პარლამენტის შეკრების დღეს ფართომასშტაბიანი აქციისკენ მოუწოდეს. მათ მანდატებზე უარის თქმის ფონზე განაცხადეს, რომ პარლამენტის შენობის ბლოკირების გზით პირველ სესიაზე არ შეუშვებენ მმართველი პარტიის დეპუტაციას.

”მკაფიოდ მინდა განვაცხადო, – ამის ყოველგვარი მცდელობა აღკვეთილი იქნება,”- განაცხადა ლომაიამ, ”საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს შესაბამის ქმედებებს, მათ შორის თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. იმის ილუზიაც კი არ უნდა შეექმნას ვინმეს, რომ საქართველოს კანონიერი, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის მუშაობას შეაფერხებს”.

”ოპოზიციისგან პარლამენტის ბლოკირება შეხლა-შემოხლას გამოიწვევს და გეუბნებით, რითაც დამთავრდება ეს ყველაფერი. არც ერთ სახელმწიფოს არ უხარია ფიზიკური ძალის გამოყენება მათ წინააღმდეგ, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ძალის გამოყენება აუცილებელია და ერთადერთი სუბიექტი, ვისაც ამის კანონიერი უფლება აქვს, სწორედ ხელისუფლებაა. იქნება სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი? – ჩამდენები დაისჯებიან,”- განაცხადა ლომაიამ.

საგაზეთო ინტერვიუში უშიშროების საბჭოს მდივანი ასევე ვარაუდობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, ახალ პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატებიც შევლენ.

”რეალობა ის არის, რომ ოპოზიცია ამბობს, პარლამენტში არ შევალთ, მაგრამ ყველა პროცედურას გავივლით, რომ მანდატი ავიღოთო,”- განაცხადა ლომაიამ, ”ეს ნიშნავს, რომ პროცედურულად მოხდება იმის გაფორმება, რაც ამომრჩეველმა გადაწყვიტა, – საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი იქნება მიხეილ სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სამი ოპოზიციური პარტია”.

”იმ პირთა ნაწილი, რომელიც ამბობს, პარლამენტს ბოიკოტს ვუცხადებო, ამას სახის შესანარჩუნებლად ამბობს,”- აღნიშნა მან, ”ხმაურობენ, რომ აჩვენონ, – ყველანაირად შევეწინააღმდეგეთ ”უსამართლო” არჩევნებს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის, ვერაფერს გავხდითო”.

იმავდროულად, პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის სუბიექტია, გაზეთ ”ვერსიასთან” 2 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, ”გაერთიანებული ოპოზიციის პროექტი – არჩევნებში ერთიანი სიით გასვლა, დასრულებულია”.

”ამიტომ ახლა ყველა, რა თქმა უნდა, გადასინჯავს [ოპოზიციურ ბლოკში] თავის ყოფნა-არყოფნის საკითხს და მიიღებს საჭირო გადაწვეტილებას,”- განაცხადა გამსახურდიამ. კითხვაზე, ხომ არ გულისხმობს ის ამაში, რომ საბჭოს დატოვებას გეგმავს, მან უპასუხა: ”ამაზე განცხადების გაკეთებისაგან თავს შევიკავებ”. 

მან ასევე განაცხადა: ”გადავწყვიტე პარლამენტში არ შევიდე, თუმცა ჩემი გზა ინდივიდუალურია და თავად გადავწყვეტ ეს მანდატი როდის გავაუქმო”.

 

Back to top button