ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა საპარლამენტო არჩევნების წინ

პარლამენტის ვმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 21 მაისი საპარლამენტო არჩევნებამდე რთ დღით ადრე მიმართვა გააკეთა:




”ძვირფასო თანამემამულეებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
მოგესალმებით!

საქართველოს მოსახლეობა კვლავ სერიოზული გამოცდის წინაშე დგას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისათვის ამ რთულ და ძალიან საპასუხისმგებლო მომენტში, ჩვენ, ნებისმიერი პოლიტიკური სიმპათიის მქონე ადამიანებმა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს სტაბილური, შეინარჩუნოს ნორმალური პოლიტიკური გარემო და ქვეყანამ მიაღწიოს იმ საბოლოო ამოცანებს, რომელსაც დემოკრატიული, განვითარებული და წარმატებული ქვეყანა ჰქვია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 21 მაისს საპარლამენტო არჩევნებზე, თითოეული ჩვენგანი მივიდეს საარჩევნო ყუთთან და დემოკრატიულ ვითარებაში გააკეთოს არჩევანი თავისი ქვეყნის მომავალი განვითარების სასარგებლოდ.

მე მინდა მოვუწოდო თითოეულ ადამიანს, რომ ნებისმიერი თქვენგანი, ყველა ვისაც საარჩევნო ხმის უფლება აქვს მობრძანდეს საარჩევნო უბანზე, საარჩევნო ყუთთან, რადგან თქვენი მაღალი აქტიურობა არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იმისა, რომ არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი იქნება.

არჩევნებმა უნდა ჩაიაროს მშვიდ გარემოში და მის დემოკრატიულობასა და სამართლიანობაში არავის არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ეჭვი არ უნდა გაუჩნდეს. ამისათვის საჭიროა ყველას ერთობლივი ძალისხმევა.

დაბეჯითებით მინდა მოვუწოდო ყველას, ყველა პოლიტიკურ ძალას გააკეთონ ყველაფერი არჩევნების ცივილიზებულად და დემოკრატიულად ჩატარებისათვის.

პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო, მინდა მივმართო ხელისუფლებას და ხელისუფლების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს:

ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დემოკრატიულობის ტესტია. თქვენი ვალია შექმნათ ყველა აუცილებელი პირობა, რომ თითოეულ მოქალაქეს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ყველა იმ მოხელემ კი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ან არჩევნების დღეს თავადაც გადაამეტებს თავის უფლება-მოვალეობას ან ბოროტად გამოიყენებს თავის თანამდებობრივ მდგომარეობას უმკაცრესად უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი.

ეს ყველა მოხელემ უნდა იცოდეს: ნებისმიერი, ვინც არჩევნების გაყალბებას ან არჩევნების ჩიხში შეყვანას შეეცდება უნდა კანონის უმკაცრესი ზომებით იქნეს დასჯილი.

მინდა მივმართო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომლის დამოუკიდებლობასა და კომპეტენტურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების მიმდინარეობასა და მის შედეგებთან დაკავშირებით არ გაჩნდეს ეჭვები, ამიტომ არცერთი კანონიერი საჩივარი არ უნდა დარჩეს ადეკვატური და დროული რეაგირების გარეშე.

დღეს ცესკოს, ყველა საარჩევნო კომისიის თითოეულ წევრს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება და საჩივრების სწორად და დროულად განხილვა არჩევნების სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

მინდა ასევე მივმართო ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს. მაქსიმალურად მშვიდად და რაციონალურად წარმართონ საარჩევნო პროცესი და ნებისმიერი არგუმენტირებული პრეტენზია დააფიქსირონ კანონით დადგენილი წესის ფარგლებში.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არჩევნებში ყოველთვის არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული და რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ესა თუ ის შედეგი რომელიმე პოლიტიკური ძალისათვის, თუკი ეს შედეგი ობიექტურად ასახავს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებასა და არჩევანს, ის ყველამ უნდა მიიღოს და პატივი სცეს მას.

მე, როგორც პარლამენტი თავმჯდომარე, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებ იმისათვის, რომ მოქალაქის უმთავრესი კონსტიტუციური უფლება  – გააკეთოს თავისუფალი არჩევანი  – დაცული იყოს.

კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო თითოეულ ჩვენს თანამემამულეს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, განახორციელოს თავისი უმთავრესი საკონსტიტუციო უფლება, რადგან სწორედ მოსახლეობის მაღალი აქტიურობა არის დღეს არჩევნების სამართლიანად და ობიექტურად ჩატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი.

მე წარმატებულ არჩევანს ვუსურვებ ჩემი ქვეყნის მოსახლეობას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის დემოკრატიული და სტაბილური განვითარების საკეთილდღეოდ. დიდი მადლობა. 

Back to top button