skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთის ნაბიჯებს ”დიდი კრიზისის” გამომწვევს უწოდებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის წამყვანი ქვეყნების აქტიურობას ხელი შეუშალოს რუსეთს მსოფლიო წესრიგის გადახედვის ”თავხედურ” მცდელობაში.


”ცალკე [გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი] შტაინმაიერი ლაპარაკობს ახლა ბოლო ორი დღეა რუსებთან, რუსეთშია ჩასული, ცალკე ბუში ელაპარაკა [რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი] მედვედევს, [საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ] კუშნერმა ეგრევე დაურეკა [რუს კოლეგას სერგეი ლავროვს] და აღარ ვლაპარაკობ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში რამხელა აჟიტირებაა – პოლონეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს ძალიან ხშირად სხვა პრეზიდენტებთან, ახლა მივდივარ იერუსალიმში [აშშ-ს პრეზიდენტთან ჯორჯ] ბუშთან შესახვედრად ამ თემებზე,”- განაცხადა ისრაელში გამგზავრებამდე სააკაშვილმა.    


”საქართველოში ხორციელდება შეიარაღებული ინტერვენცია, ამ წუთას, აქედან სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში,”- განაცხადა სააკაშვილმა იგულისხმა რა აფხაზეთში დაძაბული ვითარება, ”ჩვენ ახლა ვართ რეალურად ძალიან დიდი კრიზისის პირობებში საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ეს არის კრიზისი არა საქართველოსთვის, ეს არის ძალიან უხეში, თავხედური, უპრეცედენტო მცდელობა მთელი მსოფლიო წესრიგის გადახედვის, რომელიც ჩამოყალიბდა კომუნიზმის დანგრევის შემდეგ”.

მისი თქმით, ეს პირველ რიგში საქართველოს პრობლემაა, ”მაგრამ საფრანგეთისთვისაც უზარმაზარი პრობლემაა და მთლიანად ევროპისთვისაც, ამერიკისთვის არის უზარმაზარი პრობლემა და ყველასთვის არის პრობლემა, რუსეთისთვის არის პრობლემა”.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button