ახალი ამბები

კუშნერის წყალობით ომი თავიდან იქნა აცილებული – იაკობაშვილი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის წყალობით, საქართველოში ომი თავიდან იქნა აცილებული, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 14 მაისს.

პარიზიდან დაბრუნებულმა იაკობაშვილმა თბილისის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა: ”ძალიან ცოტა ხნის წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩარევის გზით მოხერხდა საკმაოდ სერიოზული პროვოკაციის თავიდან აცილება. ბატონი კუშნერი პირადად ჩაერია და ჩვენ რომ დღეს მშვიდობიანად ვართ და არაფერი არ ხდება, მისი დამსახურებაც არის”.

თუმცა, დეტალურად ამ საკითხზე საუბრისგან მან თავი შეიკავა და განაცხადა: ”მეტს ვერ გეტყვით”. 

კითხვაზე გულისხმობდა თუ არა ის, რომ აფხაზეთი ომის დაწყებას გეგმავდა, იაკობაშვილმა უპასუხა: ”აფხაზეთის თითონ არაფერს არ აპირებს. თითონ აფხაზეთში  არიან ხალხი ვისაც კარგად ხელეწიფება ყველაფრის წამოწყება, მათ შორის ომის. დღეს ჩვენ ომი არ გვაქვს და ეს უკვე არის სერიოზული მიღწევა”.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო გადავიდა ევროპის ”მორალური მხარდაჭერიდან ქმედით მხარდაჭერაზე”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 7 მაისს გავრცელებულ პრეს-რელიზში, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის ფრანგ კოლეგასთან ბერნარ კუშნერთან, რომლის დროსაც ორმხრივი ურთიერთობების საკითხები იქნა განხილული. სატელეფონო კონტაქტი ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა, თუმცა საუბრის სხვა დეტალები უცნობია.

6 მაისს სახელმწიფო მინისტრმა ბრიუსელში გამართულ პრესკონეფრენციაზე განაცხადა, რომ საქართველო ძალიან ახლოს იყო ომთან. “ჩვენ ფაქტიურად თავიდან უნდა ავიცილოთ ომი,” – დასძინა მან.

რუსული სააგენტოები ასევე იუწყებოდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 8 მაისს ბათუმში რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით: ”მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ამასთან, და ეს საფრთხე კვლავ არსებობს”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button