ახალი ამბები

ცესკო-მ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა დააზუსტა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 465 736 შეადგენს, რაც 3 885-ით ნაკლებია 3 მაისს გამოქვეყნებულ რაოდენობაზე.


ამომრჩეველთა სიის უკანასკნელი მონაცემი მას შემდეგ დადგინდა, რაც ცესკო-მ 5 მაისს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნის საფუძველზე სამი დღით გაახანგრძლივა სიების გადამოწმების ვადა.


მთლიანის სიის 0,4%-ის შესწორების თაობაზე მოთხოვნით 9 მაისამდე საარჩევნო ადმინისტრაციას ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა მიმართა.


ცესკოს პრესსპიკერის ზურაბ კაჭკაჭიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიები მოითხოვდნენ იმ 37 ათასი ამომრჩევლის საერთო სიიდან ამოღებას, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობენ, თუმცა ეს თხოვნა ცესკომ არ დააკმაყოფილა.


საარჩევნო სიებიექტები ასევე მოითხოვდნენ 2 655 გარდაცვლილის სიიდან ამოღებას. ცესკომ გადამოწმების შედეგად მხოლოდ 2 136 ასეთი მონაცემი ამოიღო.


ასევე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას გამოაკლდა 53 მსჯავრდებული, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობას კანონი უკრძალავს.

კაჭკაჭიშვილის განცხადებით, ამჟამად სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე სარჩელები განიხილება სასამართლოებში, რომელთა გადაწყვეტილებებიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას ”მკვეთრად არ შეცვლის”.

Back to top button