skip to content
ახალი ამბები

თარგამაძე საფრანგეთში ოქრუაშვილის პოლიტიკურ თავშესაფარზე საუბრობს

დეპუტატმა გივი თარგამაძემ ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადა, რომ საფრანგეთმა ბოლომდე ვერ გაიგო საქართველოში არსებული რეალობა, რამაც განაპირობა მისი გადაწყვეტილება ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვის ირაკლი ოქრუაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თაობაზე.


საფრანგეთმა ოქრუაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი აპრილში მისცა, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნისა ექსტრადიციის თაობაზე.


”ჩვენ არ ვთვლით, რომ [საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი] არგუმენტები იყო სუსტი. გადაწყვეტილება ისე იყო მიღებული, რომ პრაქტიკულად ეს არგუმენტები არც იქნა განხილული; ამიტომ, ვერ ვიტყვით ის სუსტი იყო თუ ძლიერი,” – განაცხადა თარგამაძემ 7 მაისს ”რუსთავი 2”-ის პოლიტიკურ თოქშოუ ”სამკუთხედში” საუბრისას.   


კითხვაზე, თუ რატომ მიანიჭა საფრანგეთმა ოქრუაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი, თარგამაძემ უპასუხა: ”სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ევროპაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ქვეყნები, რომელთაც ზუსტად არ ესმით სიტუაცია და ქართული რეალობა ბოლომდე. უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ის ქვეყანაა [საფრანგეთი], რომელმაც უარი უთხრა საქართველოს MAP-ის მიღებაზე. ზოგადად, იქაც იგივე არგუმენტი შეიძლება ვთქვათ, რატომ უთხრა უარი საქართველოს MAP-ის მიცემაზე. იმიტომ, რომ ბოლომდე ვერ გაიგო ჩვენი არგუმენტები MAP-თან მიმართებაში”.


როდესაც წამყვანმა კვლავ დაუსვა კითხვა ოქრუაშვილთან მიმართებაში საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე, თარგამაძემ უპასუხა, რომ მან არ იცის, რა იყო ამის მოტივი. ”ეს არ არის პრობლემა [საფრანგეთის გადაწყვეტილება], მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ჩვენი არგუმენტაცია არ იქნა მიღებული… ოქრუაშვილი არასოდეს ყოფილა პოლიტიკური პატიმარი”.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქრუაშვილს 28 მარტს გამოძალვის ბრალდებით 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დაუსწრებლად.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button