skip to content
ახალი ამბები

რუსეთი პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს საქართველოსთან მიმართებაში – აშშ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვლავ მოუწოდა რუსეთს ”გადახედოს თავის ზოგიერთ პროვოკაციულ ნაბიჯს” საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონთან, აფხაზეთთან მიმართებაში.


”რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე პროვოკაციული ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან, კერძოდ კი აფხაზეთთან მიმართებაში,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 6 მაისს გამართულ ბრიფინგზე, ”ზოგიერთი ის ნაბიჯი, რომელიც მათ გასული რამდენიმე კვირის მანძილზე გადადგეს, ვერ გამოდგა სიტუაციისთვის ხელსაყრელი. და ჩვენ მათ ვთხოვეთ გადახედონ და შეცვალონ ზოგოერთი მათი ბოლოდროინდელი ქმედება”.


”არავის უნდა იხილოს ესკალაცია, დაძაბულობის ე.წ. ესკალაცია საქართველოს და რუსეთს შორის. მაგრამ მე ვფიქრობ, თუ ბოლოდროინდელ ისტორიას გადახედავთ, თქვენ დაინახავთ რუსეთის პროვოკაციული ქმედებების მაგალითს საქართველოსთან მიმართებაში და კერძოდ აფხაზეთის საკითხზე,”- განაცხადა მაკკორმაკმა.


ასევე 6 მაისს ცალკე გამართულ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა დანა პერინომ განაცხადა, რომ ”რუსეთის ხელისუფლებამ განახორციელა, რასაც ჩვენ ვუწოდებდით, პროვოკაციული ქმედება, რამაც გაზარდა დაძაბულობა საქართველოში”.


მისი თქმით, რუსეთის ეს ქმედებებია ”ცალმხრივად გამოსვლა” დსთ-ს შეთანხმებიდან, რომელიც ეკონომიკურ და სამხედრო სანქციებს უწესებს აფხაზეთს; 16 აპრილის საპრეზიდენტო განკარგულება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე და რუსეთის ”ცალმხრივი გადაწყვეტილება აფხაზეთში სამშვიდობოთა რაოდენობისა და აღჭურვილობის გაზრდის თაობაზე”.


პერინომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის თვითმფრინავის მიერ ქართული უპილოტო, შეუიარაღებელი მზვერავი თვითმფრინავის საქართველოს საჰაერო სივრცეში ჩამოგდება ასევე რუსეთის ერთ-ერთი პროვოკაციული ნაბიჯი იყო.


ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი 20 აპრილს აფხაზეთის თავზე ქართული თვითმფრინავის ჩამოგდებაში. 23 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის ღრმადაა შეშფოთებული ქართული თვითმფრინავის ”სავარაუდოდ” რუსული MIG-29-ს მიერ ჩამოგდების გამო.


თეთრი სახლის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ამგვარმა ნაბიჯებმა ”მნიშვნელოვნად და ზედმეტად გაზარდა დაძაბულობა რეგიონში”. მისი თქმით, ეს ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის, როგორც შუამავლის სტატუსს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში.


მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებასთან უმაღლეს დონეზე კონტაქტების დროს, ვაშინგტონმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოუწოდა რუსეთს შეცვალოს თავისი გადაწყვეტილებები.  


”ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას განაგრძოს სამხედრო ქმედებებისგან თავშეკავება და პოლიტიკური გზით მოაგვაროს სეპარატისტული კონფლიქტები,” – განაცხადა მან, ”ჩვენ ასევე მოვუწოდეთ რუსეთს აქტიურად დაუჭიროს მხარი პირდაპირ შეხვედრებს აფხაზეთის [სეპარატისტული] ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, რათა შემცირდეს დაძაბულობა და მშვიდობიანი გზით მოგვარდეს კონფლიქტი”.


ამასობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს, 6 მაისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდა. ეს შეხვედრა ბრიუსელში გამართული შეხვედრიდან ზუსტად ორ თვეში გაიმართა.


”სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ რა თქმა უნდა, განვიხილეთ აფხაზეთში არსებული სიტუაცია,” – განუცხადა ბურჯანაძემ ქართველ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, ”ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა და დარწმუნება იმაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო მართლაც იყოს მაქსიმალურად დაცული ნებისმიერი არამეგობრული ნაბიჯებისგან”. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button