ახალი ამბები

მმართველი პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ამჟამინდელმა დეპუტატმა ვალერი გიორგობიანმა პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა.


ეს გადაწყვეტილება გიორგობიანმა მას შემდეგ მიიღო, რაც დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე ცხრა ოპოზიციური პარტიის ბლოკმა გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც გიორგობიანი ცაგერის გამგეობის თანამშრომლებს 21 მაისის არჩევნებზე ხმათა 80%-ის მოპოვების დავალებას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ”სახლში გაშვებას” პირდება.  დღესვე გიორგობიანმა Civil.ge-სთან საუბარში უარყო ფარულ ჩანაწერში მოყვანილი ფაქტები. ოპოზიციამ, რომელმაც აუდიო ჩანაწერის მიმწოდებელი არ დაასახელა, ჭეშმარიტების დადგენის მიზნით პროკურატურას მიმართა.


”მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გამოძიება არ არის დაწყებული და ჭეშმარიტება არ არის დადგენილი, ვალერი გიორგობიანმა მოგვმართა განცხადებით, რომლის თანახმადაც იგი აღარ იყრის კენჭს საპარლამენტო არჩევნებში,”- განუცხადა ”რუსთავი 2”-ს ზურაბ მელიქიშვილმა 5 მაისს.


მისი თქმით, გიორგობიანი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ”ჩვენ, ჩვენის მხრიდან, მივმართავთ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და ამ ჩანაწერის ავტორსაც, რათა ითანამშრომლონ მათ გამოძიებასთან, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება”.


ეს პირველი შემთხვევაა, როცა აუდიო-კომპრომატების გამოქვეყნებისთანავე დეპუტატობის კანდიდატი არჩევნებიდან მოიხსნა.

მსგავსი/Related

Back to top button