
სოხუმი ორი უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება, თბილისი კი უარყოფს
მოსკოვმა და სოხუმმა განაცხადეს, რომ აფხაზურმა მხარემ ჩამოაგდო ორი ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი 4 მაისს. თბილისმა ეს კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ეს არის ”პროვოკაცია”, რომელიც მიზნად ისახავს ”რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საინფორმაციო-პროპაგანდისტულ მხარდაჭერას”.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მათმა საჰაერო თავდაცვამ ერთი ქართული უპილოტო თვითმფრინავი დაახლოებით 16:06 საათზე ჩამოაგდო გალის რაიონის სოფელ დიხაზურგას თავზე, ხოლო მეორე დაახლოებით 16:51 საათზე, სოფელ ბაღრების თავზე, ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზეთის მხარეს.
აფხაზეთის ლიდერის ოფიციალური წარმომადგენლის კრისტიან ბჟანიას სიტყვებზე დაყრდნობით ”აფსნიპრესი” იტყობინება, რომ აფხაზური შეიარაღებული ძალები გაძლიერებულ მზადყოფნაზე იმყოფებოდნენ ”დაძაბულობის სერიოზული ზრდის გამო”.
ინციდენტის შესახებ გავრცელებული ცნობიდან მალევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღწერს საქართველოს ორი უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოდებას, რომლებიც, ”როგორც ყოველთვის” მოსკოვის შეფასებით, ”არასანქცირებულ ფრენებს” ახორციელებდნენ აფხაზეთში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკანასკნელი ინციდენტი მიუთითებს, რომ თბილისმა ყურად არ იღო რუსული მხარის გაფრთხილება იმ საფრთხეზე, რომელიც თან სდევს 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების დარღვევას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების თაობაზე. მოსკოვი აცხადებს, რომ უპილოტო მზვერავი თვითმფრინავების ფრენები არღვევს შეთანხმებას.
”უპილოტო მზვერავი თვითმფრინავების საშუალებით ავანტიურაზე წასვლითა და კონფლიქტების ზონების მახლობლად სამხედრო მზადების გაძლიერებით, თბილისის ხელისუფლება რეგიონში დაძაბულობის მიზანმიმართული გაღვივების გზას დაადგა,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
აფხაზური მხარე კვირას ასევე იტყობინებოდა, რომ იპოვა ორივე ჩამოგდებული საფრენი აპარატის ნამსხვრევები.
თუმცა საქართველომ კატეგორიულად უარყო, რომ მისი უპილოტო მზვერავი თვითმფრინავები იქნა ჩამოგდებული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ”ზემოაღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს რუსეთის კიდევ ერთ პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საინფორმაციო-პროპაგანდისტულ უზრუნველყოფას”.
საქართველოს საგარეო უწყებამ ასევე ხაზი გაუსვა რუსი კოლეგების შეფასებას, რომლებიც მომხდარ ინციდენტს უწოდებენ ჩვეულებრივს.
”ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ დსთ-ის საფარველის ქვეშ წარმოებული ე.წ. სამშვიდობო ოპერაცია გადაიქცა სრულ ფიქციად და წარმოადგენს სხვა არაფერს, თუ არა ღია სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ მისი სუვერენული, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილის ანექსიის მიზნით,”- აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უპილოტო შეუიარაღებელი თვითმფრინავები ”დაფრინავდნენ, დაფრინავენ და კვლავაც იფრენენ საქართველოს სუვერენულ საჰაერო სივრცეში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის შესახებ სრული ინფორმაციის მოსაპოვებლად”.
უკანასკნელ ინციდენტამდე ზუსტად ორი კვირის წინ უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩამოადგეს აფხაზეთში. თავდაპირველად თბილისმა უარყო ეს ინფორმაცია, თუმცა ერთი დღის შემდეგ აღიარა, რომ მისი საფრენი აპარატი იქნა ჩამოგდებული. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უპილოტო თვითმფრინავი რუსულმა MIG-29-მ ჩამოაგდო და წარმოადგინა ბორტზე დამონტაჟებული კამერით გადაღებული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს როგორ ისვრის ორკუდიანი თვითმფრინავი ჭურვს. მოსკოვმა ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებული იყო.