ახალი ამბები

რაისი აფხაზეთში დამატებითი რუსული ძალების შეყვანის გამო შეშფოთებულია

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 1 მაისს განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს აფხაზეთში დამატებითი რუსული სამშვიდობო ძალების შეყვანის საჭიროებას.


აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის საკითხი ჟურნალისტებთან ლონდონში სტუმრობისას განიხილა, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან, ახლო აღმოსავლეთსა და კოსოვოზე დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში.


”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილები არიან. ეს არ არის ტერიტორიები, რომლებიც როგორღაც გამოყოფილია საქართველოს სახელმწიფოსგან. ამრიგად, როდესაც რაღაც კეთდება, ის უნდა გაკეთდეს საქართველოს სახელმწიფოს გავლით,” – განაცხადა რაისმა.


მან ასევე განაცხადა, რომ იგი ამ საკითხს ლონდონში ლავროვთან შეხვედრაზე დააყენებს.


”რასაც ახლა რუსები აკეთებენ არის მათი სამშვიდობო მისიის ნაწილი. მაგრამ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, თუ რუსეთი და საქართველო პირდაპირ კონტაქტებს შეინარჩუნებდნენ,” – განაცხადა რაისმა, ”ახლა სიტუაციის არევის დრო არ არის. ამიტომაც შეგვაშფოთა ამ ძალების შესვლამ [აფხაზეთში]. ჩვენ ვესაუბრეთ როგორც ქართველებს, ისე რუსებს და ვუთხარით მათ, მოდით ნუ დავუშვებთ სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლას”.


კითხვაზე უთხრა თუ არა აშშ-მ რუსეთს გამოიყვანოს თავისი ძალები, რაისმა უპასუხა: ”ჩვენ ვესაუბრეთ რუსებს იმ პრობლემაზე, რომ ამგვარი საქციელი ნამდვილად გამოიწვევს დაძაბულობას. ფაქტი ის არის, როგორც მე მესმის, რომ ეს მოხდა სამშვიდობოების მანდატით დაშვებულ ფარგლებში. მაგრამ რადგანაც არ მჯერა, რომ საქართველო აფხაზეთზე თავდასხმას აპირებს, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ”.

Back to top button