
ოპოზიციური კოალიცია რეკლამაში ”რუსთავი 2”-ს და ”მზეს” უტევს
ტელეკომპანია ”მზემ” ოპოზიციური კოალიციის რეკლამის გაშვება დაიწყო, რომელშიც ისმის ხმა: ”ჩვენ ამ არხზე არ გვიშვებენ, გვიყურეთ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კავკასიაზე”.
უფასო რეკლამა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გადის, ერთ-ერთი ბოლო პასაჟია ოპოზიციურ კოალიციისა და ტელეკომპანიებს ”რუსთავი 2”-ს და ”მზეს” შორის დაპირისპირების სერიაში.
დაპირისპირება ნოემბერში საპრეზიდენტო კამპანიის დროს დაიწყო, როდესაც ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ და ამჟამად ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა, ”რუსთავი 2-ის” და ”მზის” ჟურნალისტები გააკრიტიკა და ისინი ხელისუფების სასარგებლოდ მიკერძოებაში დაადანაშაულა. შემდეგ ეს დაპირისპირება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა, როდესაც გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს ”ვიგინდარა” უწოდა, რის შემდეგაც ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ ის გაჩეჩილაძესთან ”პროფესიონალურ თანამშრომლობას” წყვეტდა, სანამ ის საჯაროდ არ მოიხდიდა ბოდიშს. ამის შემდეგ, ოპოზიციურმა კოალიციამ ”მზეს” და ”რუსთავი 2”-ს ბოიკოტი გამოუცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ 17 აპრილს ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ წყვეტს ბოიკოტს, ორი ტელეკომპანია კვლავ არ აშუქებს კოალიციის აქტივობებს საინფორმაციო გამოშვებებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)