
გაჩეჩილაძე მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს
დეპუტატი ლევან გაჩეჩილაძე, ცხრა პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიციის ლიდერი, სამგორის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს, განაცხადა ოპოზიციურმა ბლოკმა 10 აპრილს.
ამ ოლქს მაჟორიტარობის უკვე ოთხი კანდიდატი ჰყავს. გაჩეჩილაძის კონკურენტები არიან მმართველი პარტიის კანდიდატი რუსუდან კერვალიშვილი, რომელიც სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტის” თანადამფუძნებელია; კახა ძაგანია ლეიბორისტული პარტიიდან და გულიკო ზუმბაძე რესპუბლიკური პარტიიდან.
ლევან გაჩეჩილაძის მიერ, რომელიც დღევანდელ პარლამენტში ვაკის მაჟორიტარი დეპუტატია, სამგორის რაიონის შერჩევა მოულოდნელი იყო. გაჩეჩილაძემ, რომელიც 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყრიდა კენჭს, სააკაშვილთან ბრძოლა წააგო ქვეყნის მასშტაბით, თუმცა თბილისში ხმების უმრავლესობა მოიპოვა. თუმცა სამგორის რაიონი, ისევე როგორც კრწანისი, ის ოლქი იყო დედაქალაქში, სადაც მიხეილ სააკაშვილმა გაჩეჩილაძეზე მეტი ხმები მოიპოვა – 37% და 32%, შესაბამისად.
კანონის თანახმად, ოლქის ამომრჩევლის 30%-მა მაინც უნდა დაუჭიროს კანდიდატს მხარი, რომ მან პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები. ამ წესის თანახმად, მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, თუ მათ მოუწევთ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ან ბლოკის რამდენიმე კანდიდატთან დაპირისპირება, რადგანაც ამ შემთხვევაში ოპოზიციისთვის მიცემული ხმები გაიყოფა.
მაჟორიტარი კანდიდატების, ისევე როგორც პარტიული სიების წარდგენის ვადა 21 აპრილს იწურება.