ახალი ამბები

საქართველოს MAP-ზე უარი უთხრეს

ნატომ მიიღო გადაწყვეტილება არ შესთავაზოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) საქართველოს და უკრაინას. ალიანსის თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე განიხილავს. 


სამიტის დასკვნითი კომუნიკე ჯერ არ გამოქვეყნებულა.


აშშ-ს მრჩეველმა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში სტეფან ჰედლიმ 3 აპრილს განაცხადა, რომ ნატოს ლიდერებმა საგარეო საქმეთა მინისტრებს მიანიჭეს უფლებამოსილება მიიღონ ეს გადაწყვეტილება. ”ამ გადაწყვეტილების მიღება ნატოს სამიტზე აუცილებელი აღარ იქნება,” – დასძინა მან.  


ამასობაში, დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან უკვე განაცხადეს თბილისში, რომ ნატოს გადაწყვეტილება რუსეთის არაპირდაპირი ვეტოს ტოლფასია.


”პირველი და გადამწყვეტი ფაქტორი იყო რუსეთის ზეწოლა,” – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნინო ნაკაშიძემ, ”რუსეთმა პირდაპირ განაცხადა, რომ ნატოს გაფართოების შემთხვევაში და იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და უკრაინა მიიღებდნენ MAP-ს, ეს მათ მიერ აღქმული იქნება, როგორც პირდაპირი პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ. რასაკვირველია, ეს ზეწოლა რუსეთის მხრიდან იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღების დროს.”


თუმცა, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საქართველოსთვის MAP-ზე უარის თქმის მიზეზად დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს ხელისუფლების წარუმატებლობა დაასახელა.


”საქართველოს გადაუვადეს MAP-ის მიღება იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც 7 ნოემბერი აკადრა ქართველ ხალხს, რომელმაც 5 იანვრის არჩევნები გააყალბა,” – განაცხადა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან, ”საქართველოს მიერ MAP-ის მიუღებლობა ამ ეტაპზე განსაზღვრა ევროკავშირის დამფუძნებელმა ქვეყნებმა – სამმა დიდმა და სამმა პატარამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. როცა გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ჰოლანდია, ესპანეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა არის წინააღმდეგი, სისულელეა გამოაცხადო ისინი ”გაზპრომის” და პუტინის აგენტებად”.           

მსგავსი/Related

Back to top button