skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციამ სახელმწიფო კანცელარიის პიკეტირება მოაწყო

ოპოზიციის ლიდერებმა 24 მარტს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მოუწოდეს თავის მხარდამჭერებს სახელმწიფო კანცელარიისკენ დაძრულიყვნენ და შენობის პიკეტირება მოეხდინათ.


ოპოზიციური კოალიციის წევრის გიორგი ხაინდრავას ამ მოწოდებას წინ უძღოდა ქართული ინტელიგენციის ხუთი წარმომადგენლის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან. რეჟისორები გიგა ლორთქიფანიძე და ქეთი დოლიძე, ასევე მსახიობები ოთარ მეღვინეთუხუცესი, გოგი ქავთარაძე და ნინელი ჭანკვეტაძე ბურჯანაძესთან ოპოზიციამ გააგზავნა. მათი თქმით, მათ სურდათ შუამავლის როლი ეთამაშათ მხარეებს შორის.


შეხვედრის შემდეგ ქეთი დოლიძემ განაცხადა, რომ ბურჯანაძემ ვერ შეძლო ”კონკრეტული პასუხის გაცემა”. ”მან გვითხრა, რომ მას არ შეუძლია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება და დამატებითი კონსულტაციები სჭირდება, რის შემდეგაც ის კანცელარიაში წავიდა პრეზიდენტ სააკაშვილთან შესახვედრად,” – განაცხადა დოლიძემ.


”ჩვენ მას დროს მივცემთ, რადგანაც როგორც ჩანს, ის არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება,” – განაცხადა ოთარ მეღვინეთუხუცესმა, რომელიც ასევე ესწრებოდა ბურჯანაძესთან შეხვედრას.

გოგი ქავთარაძის შეფასებით, შეხვედრა ბურჯანაძესთან ”ფუჭი” იყო.


”ჩვენ მისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ; მან კიდევ ერთი დღე მოითხოვა,” – განაცხადა გოგი ქავთარაძემ. როდესაც მან განუცხადა პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს, რომ ”კიდეც ერთი დღე მივცეთ [ბურჯანაძეს] პასუხისთვის”, მისი ხმა ხალხის შეძახილებმა ჩაახშო ”არა, არა”.


ოპოზიცია 20 მარტიდან მოყოლებული ერთადერთ მოთხოვნას აყენებს – 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას მრავალმანდატიან ოლქებში, ნაცვლად ერთმანდატიანი ოლქებისა.


პარლამენტის წინ 24 მარტს მიმდინარე აქცია დაიწყო ლოზუნგით – ”დავიცვათ ტელეკომპანია იმედი”. აქცია მიმართული იყო ხელისუფლების მიერ ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობების წინააღმდეგ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button