skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა სახალხო დამცველის მოხსენების განხილვა გადადო

ამჟამინდელი პარლამენტი ვერ შეძლებს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის გასული წლის მოხსენების მოსმენას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 17 მარტს.


მისი თქმით, დეპუტატებს იმის დროც არ რჩებათ, რომ ამ მოხსენებას გაეცნონ. პარლამენტს სოზარ სუბარის ორი მოხსენება უნდა მოესმინა – ერთი 744-გვერდიანი, რომელიც 2007 წლის პირველი ნახევარს ფარავს, ხოლო მეორე 633-გვერდიანი 2007 წლის მეორე ნახევარს ეხება. მოხსენება 2007 წლის მეორე ნახევრის შესახებ კრიტიკულია ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.


პოლიციის მიერ გასული წლის ნოემბერში საპროტესტო აქციის დაშლის დროს გადაჭარბებული ძალის გამოყენების გარდა, მოხსენებაში საუბარია იმაზე, რომ სამართალდამცავებმა გამოიყენებს რეზინის ტყვიები, რაც უკანონო იყო და მათ, ვინც ამის ბრძანება გასცეს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პასუხი უნდა აგონ. სახალხო დამცველი იშველიებს კანონს პოლიციის შესახებ, რომელშიც ჩამოთვლილია ის სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც სპეცრაზმს უნდა გააჩნდეს. ამ ჩამონათვალში შედის ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტი, თუმცა არა რეზინის ტყვია.


”შინაგან საქმეთა ორგანოებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას,” – ნათქვამია მოხსენებაში, ”აქედან გამომდინარე, უნდა დაისვას არა მხოლოდ რიგითი სპეცრაზმელების პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის მაღალი თანამდებობის პირი, ვინც საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ შეიძინა რეზინის ტყვიები და ბრძანება გასცა მისი გამოყენების შესახებ. გადაუჭარბებლად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რეზინის ტყვიების ვერც შეძენა და ვერც გამოყენება ვერ მოხდებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გარეშე. ამგვარად, აშკარად იკვეთება მინისტრის როგორც თანამდებობრივი, ასევე სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.”


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button