ახალი ამბები

სსფ ”ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვის” წინააღმდეგ აფრთხილებს

საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა აიცილოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვა, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ, რომელიც 29 თებერვლიდან 7 მარტამდე საქართველოში იმყოფებოდა.


”აღნიშნულთან დაკავშირებით, მისიას მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ მონეტარული პოლიტიკის ამოცანებისა და ინსტრუმენტების ხშირი დამტკიცების მოთხოვნა და ახალი პირობის დაწესება, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ავტომატურად უნდა იქნას გათავისუფლებული თანამდებობიდან, თუ ვერ იქნა მიღწეული ინფლაციის ზღვრული მაჩვენებელი, შეასუსტებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას,” – განაცხადა მისიამ 7 მარტს.


ეკონომიკური პაკეტი , რომელსაც პარლამენტი განიხილავს, სხვა საკითხებს შორის ასევე მოიცავს ეროვნული ბანკის ანგარიშვალდებულების გაზრდას მონეტარულ პოლიტიკასთან მიმართებაში. ეს ინიციატივა ინფლაციის 12%-იანი ზღვარის გადაჭარბების შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან ავტომატურად გადადგომას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა უკვე მიიღო პროექტი პირველი მოსმენით, დეპუტატები 7 მარტს შეთანხმდნენ არ არ ეყარათ კენჭი ამ დებულებისათვის მეორე მოსმენით, რაც ნიშნავს რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება. 


სსფ-ს მისიამ აღნიშნა, რომ 2007 წელს საქართველოს ეკონომიკის აღმასვლა ”განსაკუთრებულად შთამბეჭდავი” იყო: რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12%-ს გადააჭარბა. მისიის პროგნოზით 2008 წლისათვის ქვეყნის ეკონომიკის რეალური ზრდა დაახლოებით 9% იქნება. 


თუმცა, მისიამ ასევე აღნიშნა, რომ 2007 წლის ბოლოს ინფლაციამ 11% შეადგინა, რამაც მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბა.


”ინფლაციის აღნიშნული დონე ნაწილობრივ სურსათსა და ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდით იყო გამოწვეული. თუმცა, აღნიშნულ ფაქტს ასევე ხელი შეუწყო შერბილებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ, რომელიც ძირითადად დომინირებდა 2007 წლის განმავლობაში და რასაც თან ახლდა ფართო ფულის მიწოდების 50%-იანი ზრდა,” – განაცხადა სსფ-ს მისიამ, ”მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შეიზღუდოს მთავრობის ახალი ხარჯვითი ინიციატივები”.


საქართველოს ხელისუფლებამ დადო პირობა, რომ 2008 წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონეს 8%-მდე შეამცირებს.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შემდეგი ვიზიტი 2008 წლის ივნისში იგეგმება, რომლის დროსაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა შეფასდება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button