ახალი ამბები

იაკობაშვილმა რუს დიპლომატებს შსკ-ს ფორმატის შეცვლის ინიციატივა გააცნო

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფორმატს არ ამოუწურავს თავისი შესაძლებლობები და მისი შეცვლა მოლაპარაკებების პროცესიდან ცხინვალის გასვლას გამოიწვევს, განაცხადა შსკ-ს რუსული მხარის თანათავმჯდომარემ იური პოპოვმა.


მან ეს განცხადება ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს თბილისში შეხვედრა გამართა საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო.


იაკობაშვილმა რუს დიპლომატებს გააცნო ინიციატივა მოლაპარაკებათა არსებული ფორმატის 2+2+2 ფორმულით შეცვლის თაობაზე, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი. იაკობაშვილმა განაცხადა, რომ თბილისს არ სურს განაგრძოს მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაზე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში.


”ვთვლით, რომ შსკ უნდა მუშაობდეს. ჩვენი შეფასებით შსკ-ს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და მხარეების მხრიდან სურვილის არსებობის შემთხვევაში, მისი რეალიზაციის მიღწევაც შესაძლებელია,”- განაცხადა პოპოვმა, ”ჩვენი ხედვით ამ საკითხის დაყენება ნაადრევია, სიტუაციაა ისეთი, რომ თუ სანაკოევი ჩაერთვება მოლაპარაკებების პროცესში, მაშინ სამხრეთ ოსური მხარე ავტომატურად გავა მოლაპარაკებებიდან და მაშინ ყველა მცდელობა კარგავს აზრს”.


”ჩვენი ფორმულა ძალაში რჩება და ჩვენ შევეცდებით, რომ დავარწმუნოთ როგორც რუსული მხარე, ისე კოკოითის ხელისუფლება,” – განუცხადა ჟურნალისტებს თემურ იაკობაშვილმა, ”ეს ის ფორმულაა, რომელსაც რეალურად შეუძლია წარმოადგინოს ყველა ის მხარე, რომელიც რეგიონში რამეს წარმოადგენს”.


მან ასევე უარყო იური პოპოვის განცხადება იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებათა ფორმატის შესაცვლელად საქართველოს მოუწევს 1992 წლის დაგომისის ხელშეკრულებიდან გამოსვლა, რომლის საფუძველზეც ფუნქციონირებს შსკ.


”არ გამოვდივართ ჩვენ და არანაირი ხელშეკრულების დენონსაციაზე არ ვლაპარაკობთ,” – განუცხადა Civil.Ge-ს სახელმწიფო მინისტრმა, ”შეიძლება შსკ-ს დაგომისის ხელშეკრულების ფორმატი სხვა ხელშეკრულებით გადავიყვანოთ ახალ ფორმატში”.

მსგავსი/Related

Back to top button