ახალი ამბები

პარლამენტმა მაჟორიტარების არჩევის ახალი წესი პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის ახალ წესს.


ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა 4 მარტს გამართულ სხდომაზე 168  ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, ითვალისწინებს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის პრინციპის ’მოგებულს ყველაფერი რჩება’ შეცვლას  იმ სისტემით, სადაც 75-ვე რაიონს თავისი წარმომადგენელი ეყოლება საკანონმდებლო ორგანოში.  


თუ პარლამენტი ამ პაკეტს მეორე და მესამე მოსმენითაც დაუჭერს მხარს, მაჟორიტარ დეპუტატთა რიცხვი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, 50-ს შეადგენს, 75-მდე გაიზრდება და ასევე 100-დან  75-მდე შემცირდება პროპორციული პარტიული სიით არჩეულ დეპუტატთა რიცხვი.


ოპოზიციურმა დეპუტატებმა დაგმეს ამ სისტემის მხარდაჭერა საკანონმდებლო ორგანოს მიერ, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა საპროტესტო აქციების შესაძლო განახლების შესახებაც გააკეთეს განცხადებები.


”ისევ დაიწყება საპროტესტო აქციები და კარვები,” – განუცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან Civil.Ge-ს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერის შემდეგ, ”მოლაპარაკებები [მმართველ პარტიასთან] აღარ იქნება”.


ოპოზიცია რეგიონალურ პროპორციულ სიებს ითხოვდა. თავდაპირველად, ისე ჩანდა, თითქოს ამ სისტემ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მოიპოვა. ხელისუფლებამ ოპოზიციის საპასუხო მემორანდუმში, რომელიც 14 თებერვალს გამოქვეყნდა, განაცხადა: ”პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შეიცვლება რეგიონული პროპორციული სისტემით ეუთოს ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად. ამ მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე ინიცირებულია და შესაბამისი ცვლილებები კონსენსუსის შემთხვევაში განხორციელდება მარტის ბოლომდე”.

Back to top button