სააკაშვილი: ნატოს ბუქარესტის სამიტი შეიძლება ”ისტორიულად” იქცეს საქართველოსთვის
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში თავის პოლონელ კოლეგასთან ლეხ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი მიზანია ფართო კოალიციის შექმნა, რომელიც მხარს დაუჭერს 5 აპრილის სამიტზე, ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) დამტკიცებას.
”ჩემი ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ ეტაპზე არის საქართველოს ინტეგრაციისთვის ფართო კოალიციის შექმნა და პოლონეთი არის ამ კოალიციის წამყვანი წევრი, პოლონეთი არის იმ ქვეყნების ლიდერი, რომლებიც ევროპაში მხარს გვიჭერენ ჩვენ ნატოში ინტეგრაციის საკითხში,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
”4 კვირაში ბუქარესტში არის ის, რაც შეიძლება იქცეს ნატოს ისტორიულ სამიტად. შავი ზღვრის ამ დედაქალაქში შეიძლება გადაწყდეს უკრაინის და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეუქცევადობის საბოლოო დაფიქსირება – არის შანსი იმისა, რომ უკრაინა და საქართველო გახდნენ ნატოს წევრობის ოფიციალური კანდიდატები,”- განაგრძო მან, ”ჩვენ გვრჩება 4 კვირა იმისათვის, რომ ყველა დავარწმუნოთ ამ ისტორიული ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაში. საქართველოსთვის ნატო ნიშნავს დაბრუნებას მშობლიურ სახლში, ინტეგრირებას მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მძლავრ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში, აქტიურ მონაწილეობას ამ ალიანსის საქმიანობაში და რა თქმა უნდა, ჩვენი წილი უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში”.
მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის შემდეგ ვიზიტს გეგმავს ბრიუსელში, ხოლო 19 მარტს ვაშინგტონში დაგეგმილია მისი შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)