ახალი ამბები

იაკობაშვილი შსკ-ს ფორმატის შეცვლის ინიციატივით გამოდის

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებათა ფორმატის – შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ)  – რეფორმირების ინიციატივით გამოდის.


იაკობაშვილი აცხადებს, შსკ-ს ნაცვლად, მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს ახალი ფორმულით 2+2+2, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი.


აღნიშნული ინიციატივა იაკობაშვილმა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე 29 თებერვალს გაახმოვანა.


ამჟამად შსკ-ში შედიან ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები. თბილისი აცხადებს, რომ ამ ფორმატმა ამოწურა თავის თავი.


“დროა დასრულდეს ჩაკეტილ წრეზე სიარული და დაიწყოს პროცესი, რომელიც ხალხზე იქნება ორიენტირებული”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.


მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მთავრობა დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით უკვე ანგარიშგასაწევი ძალაა, რადგან ”ის არა მარტო ქაღალდზე არსებობს, არამედ რეალურად მუშაობს, მთელი თავისი ინსტიტუტებით”.


სანაკოევი მიესალმა სახელმწიფო მინისტრის ინიციატივას.


”ჩვენ მხარს ვუჭერთ მინისტრის განცხადებას,”- განაცხადა მან, ”კონფლიქტის ყველა დაინტერესებული მხარე უნდა მონაწილეობდეს ამ საკითხები მოგვარებაში და საზოგადოება, რომელიც ჩვენ მხარს გვიჭერს არიან სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები”.

სამხრეთ ოსეთის მხარემ შსკ-ში უკვე დაგმო იაკობაშვილის განცხადება და აღნიშნა, რომ ეს ”ფაქტიურად არის უარის თქმა პოლიტიკურ, ცივილიზებულ, სამშვიდობო დიალოგზე,”-იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციით კომიტეტი.

ჯერ-ჯერობით უცნობია მოსკოვის რეაქცია მოლაპარაკებათა ახალ ფორმულაზე,  თუმცა ცნობილია მისი ტრადიციული მხარდაჭერა არსებული ფორმატის მიმართ.

მსგავსი/Related

Back to top button