ახალი ამბები

კონტროლის პალატა უფლებების შეკვეცას აპროტესტებს

კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ჭოლაძე დღეს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გია ხუროშვილს ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტში კონტროლის პალატის ფუნქციების შეზღუდვის გამო დაუპირისპირდა.


ჭოლაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ გაუმართლებელია როდესაც კანონპროექტში არაა უკვე შეთანხმებული დებულება ასახული, რომლის მიხედვით, ეროვნული ბანკის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორი საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოსა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კონტროლი კონტროლის პალატას ევალება.


ხუროშვილმა 19 თებერვალს კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებისას განაცხადა, რომ ეს საკითხი მეორე მოსმენისას გათვალისწინებული იქნებოდა. თუმცა დღეს აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკში ფინანსურ კონტროლს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიები განახორციელებენ, ნაცვლად კონტროლის პალატისა.


ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი მთავრობის ახალი ფინანსური პაკეტის ნაწილია და ყველაზე დიდ წინააღმდეგობას იწვევს პარლამენტართა მხრიდან ეროვნული ბანკის ”დასუსტების” მცდელობის გამო. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ამ პაკეტს მეორე მოსმენით იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ მათი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button