ახალი ამბები

”რუსთავი 2” გაჩეჩილაძეს ბოდიშს მოხდამდე ბოიკოტს უცხადებს

”რუსთავი 2” ოპოზიციური კოალიციის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს ”შეურაცხმყოფელი” სიტყვების გამო ბოდიშის მოხდას თხოვს; მანამდე კი წყვეტს პროფესიულ კავშირს ამ ოპოზიციონერ ლიდერთან.


14 თებერვალს ლევან გაჩეჩილაძემ ”რუსთავი 2”-ზე თოქ-შოუ Primetime-ში საუბრისას ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი მოიხსენია, როგორც ”ვიგინდარა”.


”ჟურნალისტები არ არიან ესენი,”- განაცხადა მან, ”ეგენი არიან მიხეილ სააკაშვილის, ნინო ბურჯანაძის და სიცრუის შტაბის წევრები”.


”ჩვენთვის ყოველთვის მისაღებია სამართლიანი კრიტიკა,”-  ნათქვამია  ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების განცხადებაში, რომელიც 15 თებერვალს გავრცელდა, ”მაგრამ ვთვლით, რომ ეს უკვე არის პიროვნული შეურაცხყოფა და ”კურიერის” გუნდის სახელით ვაცხადებთ, რომ სანამ ლევან გაჩეჩილაძე საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდის, ჩვენ ვწყვეტთ პირადად მასთან პროფესიულ თანამშრომლობას”.


ლევან გაჩეჩილაძეს ურთიერთობები, განსაკუთრებით, ”რუსთავი 2”-ისა და ”მზის” ჟურნალისტებთან საპრეზიდენტო კამპანიის დროს დაეძაბა. მან ეს ტელეკომპანიები პირადად მის წინააღმდეგ შავ PR-ის და ”პასკვილების” შემცველი სიუჟეტების მომზადებაში დაადანაშაულა.


15 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუში საუბრისას გაჩეჩილაძემ თავი აარიდა ბოდიშის მოხდას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ნეგატიური დამოკიდებულება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც მისი თქმით, ხელისუფლების ”ბინძურ” დაკვეთებს ასრულებენ.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button