პატარკაციშვილის ოჯახი: ჩვენ ვენდობით ბრიტანულ პოლიციას
გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ”სრულად ვენდობით ბრიტანეთის პოლიციისა და კრიმინალისტების პროფესიონალიზმს”.
ოჯახის განცხადებით, სიკვდილის მიზეზების შესახებ სპეციალისტების მიერ საბოლოო დასკვნის გაკეთებისთანავე პატარკაციშვილის ცხედარს გადმოასვენებენ ბრიტანეთიდან საქართველოში დასაკრძალად.
ბრიტანულმა პოლიციამ, Financial Times-ის თანახმად, განაცხადა, რომ გვამის გაკვეთის შედეგად ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით, პატარკაციშვილი გულ-მკერდის არეში ტკივილების შემდეგ გარდაიცვალა იმავე სიმპტომებით, რაც ახასიათებს გულის იშემიურ უკმარისობას.
თუმცა, პოლიცია ასევე აღნიშნავს, რომ ცხედარს ჩაუტარდება გამოკვლევა საწამლავზეც იმის დასადგენად, ხომ არ მოხდა სიკვდილის დადგომა ”გარე ფაქტორების” ზემოქმედებით. სურეის საგრაფოს პოლიციამ გვამის პირველადი გამოკვლევის შემდეგ განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილი ”ბუნებრივი მიზეზით” გარდაიცვალა, თუმცა ”დამატებითი ტოქსიკოლოგიური კვლევა მაინც ჩასატარებელია, რაც რამოდენიმე კვირას მოითხოვს”.
15 თებერვალს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, პატარკაციშვილის ოჯახმა ასევე გამოხატა მადლიერება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ”გულითადი სიტყვების გამო”. პატრიარქმა პატარკაციშვილი მოიხსენია, როგორც ”დიდი პიროვნება, რომლის სახელი დარჩება საქართველოს ისტორიაში”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)