skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილმა და რუსმა დეპუტატებმა კოსოვოს თემაზე იდავეს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს რუსი დეპუტატების კითხვაზე: ცნობს თუ არა თბილისი კოსოვოს მას შემდეგ, რაც ის გამოაცხადებს დამოუკიდებლობას. სააკაშვილმა უპასუხა, რომ თბილისმა რაც არ უნდა გააკეთოს, ეს არაფერს შეცვლის.


9 თებერვალს, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე პრეზიდენტი სააკაშვილი პრეზიდიუმში იჯდა თავის მოლდაველ და მაკედონელ კოლეგებთან ვლადიმერ ვორონინთან და ბრანკო ცრვენკოვსკისთან და ასევე სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრი რუპელთან ერთად.


პრეზიდენტ სააკაშვილის მისამართით დასმულ შეკითხვაში რუსმა დეპუტატმა, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან ალექსეი ოსტროვსკიმ საქართველო ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. როგორც მან აღნიშნა, ერთი მხრივ თბილისი ცდილობს აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და მეორეს მხრივ, საქართველო ”მხარს დაუჭერს თავის დასავლელ პარტნიორებს კოსოვოს დამოუკიდებლობის სასარგებლოდ”. სააკაშვილს ჰკითხეს რა იქნება თბილისის რეაქცია, თუ კოსოვო გამოაცხადებს დამოუკიდებლობას.


პასუხად სააკაშვილმა მიუგო: ”კოსოვო [დამოუკიდებლობა] აშკარად მოხდება – მოდით პირდაპირ შევხედოთ ამას  – და ეს ალბათ მოხდება ამ თვეში. და ეს ახლა საქართველოს ხელში არ არის იმიტომ, რომ ერთადერთი ქვეყანა  – შეიძლება სხვა ქვეყნებიც ასე ფიქრობდნენ – მაგრამ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სერიოზულად განიხილავს საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიების აღიარებას, ეს რუსეთია. ეს შეკითხვა მე არ მეკუთვნის, ეს გეკუთვნით თქვენ. მე მინდა პირდაპირ შეგეკითხოთ: აპირებთ საქართველოს ტერიტორიების ცნობას მას შემდეგ, რაც კოსოვო გამოაცხადებს დამოუკიდებლობას და [შემდეგ] მოყვება ამას დასავლეთის აღიარება? აპირებთ ამის გაკეთებას თუ არა? სათათბიროს დონეზე მაინც? თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ თქვათ ახლა ამის შესახებ. თქვენ ჩემთვის არ უნდა გეკითხათ, როცა თავად სხედხართ აქ. აპირებთ ამის გაკეთებას ორ კვირაში? იმიტომ, რომ ეს ალბათ მალე მოხდება”.


”ბატონო პრეზიდენტო, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისკენ მოუწოდებს და რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მხარს არ უჭერს სეპარატისტულ გრძნობებს,”- უპასუხა რუსმა დეპუტატმა, ”მაგრამ თქვენ არ გიპასუხიათ ჩემს შეკითხვაზე: რატომ გაქვს განსხვავებული მიდგომები? არა აქვს მნიშვნელობა ვინ ვის ბომბავდა, როგორ მოხდა, რომ აფხაზები უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ ქართველებთან შედარებით [90-იან წლებში, როცა ქართულ ძალებს დაატოვებინეს აფხაზეთი] – ეს უკვე ისტორიაა; რაც საგულისხმოა ის არის, რომ თქვენ გაქვთ განსხვავებული მიდგომა მსგავს საკითხებზე”.


თუმცა სააკაშვილმა გააგრძელა იგივე შეკითხვის დასმა: ”თქვენ მხოლოდ სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერთ მხარს, თუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც. სწორედ ამის გაგება მინდა. ასე დგას ეს საკითხი, არა?”


ამის შემდეგ დეპუტატი კონსტანტინ კოსაჩევი ჩაეჭრა დებატებში კითხვით: ”ბატონო პრეზიდენტო კითხვა დასმული იყო ასე: უჭერს თუ არა მხარს საქართველო სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას და აპირებს თუ არა საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობას? შეგიძლიათ პირველ რიგში ამ შეკითხვას უპასუხოთ? იმიტომ, რომ ჯერ ეს უნდა მოხდეს”.


”არა, არა, არა; საქართველო მხარს დაუჭერს თუ არა, ეს არაფერს შეცვლის,”- უპასუხა სააკაშვილმა, ”მაგრამ თუ რუსეთი დაუჭერს მხარს სეპარატისტების აღიარებას, ეს ყველაფერს თავდაყირა აყენებს რუსეთისთვისაც, საქართველოსთვისაც და მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ამიტომ მაინტერესებს მე თქვენი მოსაზრება ახლავე, ვიდრე ჩვენი ძალიან თეორიული მიდგომები. ამას მართლაც აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ ბურთი თქვენს მოედანზეა. აპირებთ რეგიონის აფეთქებას, თუ არა? ძირითადად ამას გეკითხებით ახლა, რადგან თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება თქვენი ასაფეთქებლით”.


შემდეგ დეპუტატმა ოსტროვსკიმ მომდევნო შეკითხვა დასვა და ჰკითხა სააკაშვილს სცემს თუ არა ის პატივს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრს, რომელთაც, მისი თქმით, ”100%-იანი მხარდაჭერა” გამოთქვეს დამოუკიდებლობის სასარგებლოდ ორივე რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმების შედეგად.


”რა თქმა უნდა,”- უპასუხა სააკაშვილმა,”ისევე როგორც მე პატივს ვცემ იქიდან გამოყრილი 85% მოსახლეობის აზრს, რომლებიც არ იზიარებენ ამ აზრს”.


ამის შემდეგ სააკაშვილი კვლავ მიუბრუნდა თავის შეკითხვას რუსი დეპუტატების მიმართ: ”მე არ ვდავობ, მე უბრალოდ პირდაპირ გეკითხებით: აპირებთ ამის [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცნობას] გაკეთებას? რა გაქვთ გეგმაში? იმიტომ, რომ ეს აღარ არის თეორია, ეს მალე მოხდება. და, ვფიქრობ, ყველას აინტერესებს და ჩემი ხალხის სახელით უფლება მაქვს გკითხოთ ამის შესახებ, არა?”


ამ დროს უკვე წამყვანმა შეწყვიტა დებატები საქართველოს პრეზიდენტსა და რუს დეპუტატებს შორის განაცხადა რა, რომ  ”ვფიქრობ, თქვენ შეგეძლებათ თავად ადევნოთ თვალი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს გამოწვევები”.


იმავე დღეს, 9 თებერვალს, პრეზიდენტი სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა მიუნხენის კონფერენციაზე და განაცხადა, რომ კოსოვო ”უნიკალური შემთხვევაა მორალური, სამართლებრივი და ისტორიული მიზეზების გამო” და ის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტებისაგან ”პოლარულად განსხვავდება”.


”მინდა ნათლად ვთქვა – საქართველო არასოდეს ყოფილა კოსოვოს საკითხის გადაწყვეტის წინააღმდეგ. ჩვენი შეშფოთება ძირითადად უკავშირდება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”მაშინ როცა კოსოვოელები აღმოჩნდნენ ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი, რაც საერთაშორისო სამხედრო ჩარევამ შეაჩერა, აფხაზი სეპარატისტები თავად იყვნენ ეთნიკური წმენდის შემოქმედნი. და არავინ ჩარეულა ასობით ათასი ადამიანის გადასარჩენად, რომლებიც დღესაც გამოყრილნი არიან თავიანთი სახლებიდან ეთნიკური ნიშნით”.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button