მედია ელჩების მოსალოდნელ შეცვლაზე საუბრობს
საქართველოს ელჩის თანამდებობას რუსეთში ”რუსთავი 2”-ის ყოფილი მეპატრონე ეროსი კიწმარიშვილი დაიკავებს ირაკლი ჩუბინიშვილის ნაცვლად, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა თანამდებობა, იტყობინება ქართული მედია.
ამავე ცნობით, ზაზა ბეგაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ჩინეთის სახალხოს რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე გადაჰყავთ. იგი მიხეილ უკლებას შეცვლის.
შვეიცარიაში საქართველოს ელჩად ინიშნება გურიის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სვიმონიშვილი. იგი შეცვლის გიორგი გორგილაძეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის ყოფილ უფროსს, რომელიც პარლამენტმა ელჩად 20 ნოემბერს დაამტკიცა მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ლევან მიქელაძე 7 ნოემბრის მოვლენების გამო საკუთარი სურვილით გადადგა თანამდებობიდან.
მედიის ცნობით, გიორგი გორგილაძე იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ამჟამად საქართველოს ელჩი იტალიაში ზაალ გოგსაძეა.
იმავდროულად, მედია იტყობინება, რომ თანამდებობას დატოვებს საფრანგეთში საქართველოს ელჩი მამუკა კუდავა, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში გადასვლამდე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მოადგილე იყო. ჯერ-ჯერობით კუდავას შემცვლელი არ სახელდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩების საკადრო ცვლილებებს ჯერ არ ადასტურებენ. ”საგარეო საქმეთა მინისტრს პრეზიდენტისთვის ელჩების კანდიდატურები არ წარუდგენია,”- განუცხადეს Civil.ge-ს სამინისტროს პრესსამსახურში.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ზოგიერთი საელჩოს მუშაობით, თუმცა არ დააკონკრეტა რომელ ელჩს გულისხმობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)