skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში დადებითი ნიშნები გაჩნდა, თუმცა რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთული იქნება.


24 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ რუს ჟურნალისტებთან საუბრისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებს ძალიან კარგი დასაწყისი ჰქონდა 2004 წელს, მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის საწყის თვეებში. ”ხუთი ან ექვსი თვე გვქონდა თაფლობის თვის, რომელიც სამწუხაროდ ჩხუბში და უთანხმოებაში გადაიზარდა,”- განაცხადა მან.


”ჩვენს ურთიერთობებში ძალიან ბევრი ფალსსტარტი იყო, ამიტომ რაიმე პროგნოზის გაკეთება ჩვენი ურთიერთობების შესახებ ან ოპტიმისტური განწყობის ქონა ამის თაობაზე ძალიან რთულია,” – განაცხადა პრეზიდენტმა.


სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დადებითი ნიშნები გაჩნდა მისი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც თბილისში 20 იანვარს, მისი პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ გაიმართა.  


სააკაშვილის თქმით, სერგეი ლავროვი ”ძალიან კონსტრუქციული” იყო. მან ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე რაიმე კონკრეტული შედეგი მიღწეული არ ყოფილა, თუმცა დასძინა, რომ ლავროვის განცხადება, რომელიც მან შეხვედრაზე გააკეთა, იმის თაობაზე, რომ მოსკოვი არ აპირებს ცნოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ კოსოვოს დამოუკიდებლობა იქნება აღიარებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთში გაგზავნის თაობაზე და თბილისმა ასევე შესთავაზა პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის რუსეთში ვიზიტის ორგანიზება მას შემდეგ, რაც მოხდება ახალი მთავრობის დამტკიცება. ”ამ შემოთავაზებაზე ჯერ პასუხი არ მიგვიღია [გურგენიძის შესაძლო ვიზიტზე],” – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ ასევე შეთანხმებულია რუსული დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ორგანიზება, რომელიც ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის. რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი 2006 წელს აკრძალა.


სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს აზრს. ”ამ ემბარგომ ვერ გამოიწვია შოკი, დეპრესია ან კატასტროფა ჩვენი ეკონომიკისთვის. საპირისპირო მოხდა, ჩვენი ეკონომიკა უფრო გაძლიერდა ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე და ამას ციფრები ადასტურებს,” – განაცხადა სააკაშვილმა, თან იქვე დასძინა, რომ ქვეყნის ეკონომიკა 2007 წელს 12%-ით გაიზარდა.

მის საარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებულ კითხვაზე, რომ დევნილებს აფხაზეთში ერთ წელიწადში დააბრუნებს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს ვადა ”აბსოლუტურად რეალურია”, თუ კონფლიქტის მოგვარების პროცესი დაიძრება მკვდარი წერტილიდან. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა არსებული სამშვიდობო ოპერაციის მანდატის შეცვლა.


”ჩვენ არ ვაძევებთ რუსებს [კონფლიქტის მოგვარების პროცესიდან],” – განაცხადა მან, ”თავდაპირველი მანდატი [რუსული სამშვიდობო ძალების] გულისხმობდა დევნილებისთვის დახმარებას, რომ ისინი ერთ კვირაში დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ეს კვირა უკვე წლებია გრძელდება… ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის უფრო მისაღებია ბანგლადეშელი სამშვიდობო, ვიდრე რუსი. ჩემთვის მისაღებია ნებისმიერი სამშვიდობო, თუ ის დაეხმარება ხალხს დაბრუნებაში”.


”ამის თქმა [დევნილთა დაბრუნება ერთ წელიწადში] არ ნიშნავს კონფლიქტის მოგვარებას სამხედრო გზით,” – დასძინა მან.         

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button