skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი გენერალური პროკურატურის ”ჰუმანიზაციაზე” საუბრობს

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის ეკა ტყეშელაშვილით ჩანაცვლების თაობაზე განაპირობა ”ამ სფეროს ჰუმანიზაციის” საჭიროებამ.


მისი თქმით, გენერალური პროკურორის შეცვლა ნიშნავს ”ფუნდამენტურ ცვლილებას ძალოვან სტრუქტურებში”. შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა, ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა ახალ მთავრობაში პოსტები შეინარჩუნეს.


”ეს ნიშნავს არა მხოლოდ საკადრო ცვლილებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვჭირდება ბევრი მიდგომების გადახედვა, ჩვენ გვჭირდება, ერთის მხრივ, უფრო კარგი ტენდენციების შენარჩუნება, ხოლო მეორეს მხრივ, ამ სფეროს  ჰუმანიზაცია. ჩვენ გვჭირდება კიდევ მეტი ურთიერთობა საზოგადოებასთან,” – განუცხადა სააკაშვილმა 24 იანვარს ქართველ ჟურნალისტებს სტრასბურგში.


”მინდა ხაზი გავუსვა, რომ დანაშაულის დონე თითქმის სამჯერ შემცირდა საქართველოში ბოლო ორი წლის მანძილზე,” – განაგრძო მან, ”ის, რომ ჩვენ ჩვენი შვილების გაშვება არ გვეშინია ეზოში… ის რომ გავხსენით სახელმწიფო გადატრიალების ძალიან, ძალიან საშიში მცდელობა, ეს ყველაფერი ციდან არ მოსულა. ეს ყველაფერი ამ ხალხის [სამართალდამცავი სტრუქტურების] ძალიან სერიოზული მუშაობის შედეგია”.


სააკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრებს, რომლებიც ახალ მთავრობაში ვერ მოხვდნენ და განაცხადა, რომ ისინი ”არავის არ გაუგდია მთავრობიდან”.


”მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მუშაობდა მთავრობის წინა შემადგენლობაში. მე მინდა მადლობა ვუთხრა ეკონომიკურ ბლოკს, მადლობა ვუთხრა გიორგი არველაძეს [ეკონომიკის ყოფილ მინისტრს], რომელმაც მართლა ძალიან ბევრი გააკეთა; მადლობა მინდა ვუთხრა კახა ბენდუქიძეს [ყოფილ სახელმწიფო მინისტრს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში], რომელმაც იკისრა ძალიან რთული და არაპოპულარული რეფორმის გატარება და დაცვა ძალიან რთულ პერიოდში. მე მინდა მადლობა ვუთხრა [ყოფილ] საგარეო საქმეთა მინსტრს გელა ბეჟუაშვილს, რომელმაც მართლა ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა საქართველოში და მომავალშიც, დარწმუნებული ვარ, ბევრს გააკეთებს,” – განაცხადა მან.


პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ არველაძე ბიზნესში, ხოლო ბეჟუაშვილი ”კერძო სექტორში” აპირებენ წასვლას. ბენდუქიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდება. იგი ამ პოსტზე პეტრე მამრაძეს შეცვლის.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button