skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციისთვის მთავრობაში კარი ღიაა – სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს არ გამოუთქვამს მთავრობის ახალ შემადგენლობაში მუშაობის სურვილი, მათთვის ”კარები გახსნილი იქნება მომავალშიც, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც”. 


”მუშაობა ამ კაბინეტში დამოკიდებული არის ოპოზიციის სხვადასხვა წევრების პირად სურვილზე. ჩვენ ეს სურვილი გამოვთქვით.  მე მესმის, რომ სხვადასხვა ოპოზიციური წევრები ემზადებიან საპარლამენტო არჩევნებისათვის და აქედან გამომდინარე მათ შეიძლება არ ჰქონოდათ სურვილი მთავრობაში ამ ეტაპზე მონაწილეობის, თუმცა  კარები გახსნილი იქნება მომავალშიც, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც,”- განაცხადა 24 იანვარს სტრასბურგში ვიზიტად მყოფმა სააკაშვილმა.


მან ოპოზიციას მთავრობაში პოსტები შესთავაზა, თუმცა არცერთი პოლიტიკური ძალა ამ შეთავაზებას არ დათანხმდა.


მიხეილ სააკაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის შეფასებისას, სადაც შვიდი ახალი წევრია წარმოდგენილი, განაცხადა, რომ მან მიცემული პირობა შეასრულა.


”პირობა იყო, რომ ახალი კაბინეტი იქნებოდა ძალიან სერიოზულად გადახალისებული, ცვლილებების შეეხებოდა უკლებრივ ყველა ბლოკს ახალი მთავრობის და ეს იქნებოდა კაბინეტი, სადაც მაქსიმალურად იქნებოდა წარმოდგენილი საზოგადოების ფართო ფენები და ხალხი შერჩეული იქნებოდა პროფესიონალიზმის ნიშნით – ყველაფერი ეს შესრულდა,”- აღნიშნა მან, ”ამ კაბინეტში არის ძალიან ბევრი ახალი წევრი, რომელიც არასდროს არ ყოფილა არცერთ პოლიტიკურ პარტიაში, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით”.


ახალ კაბინეტში, რომლიც შემადგენლობაც პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ დღეს საღამოს გაახმოვანა, პოსტებს ინარჩუნებენ ძალოვანი მინისტრები: შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. თუმცა იცვლება გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, რომლის გადადგომას ოპოზიცია მოითხოვდა ისევე, როგორც ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button