
რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება არ მოხდება ეროვნული ინტერესების ხარჯზე – ბეჟუაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მზად არის კომპრომისებისათვის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, თუმცა არანაირი დათმობა არ იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე.
”კომპომისებისთვის ჩვენ მზად ვართ, მაგრამ არა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ეს არ მოხდება,”- განუცხადა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს 22 იანვარს.
20 იანვარს თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ”კონკრეტული ნაბიჯების” გადადგმის თაობაზე. თუმცა მან ეს ნაბიჯები არ დააკონკრეტა.
ბეჟუაშვილი ასევე აცხადებს, რომ მოსკოვთან ურთიერთობები შემხვედრი ნაბიჯების გადადგმით უნდა მოგვარდეს, ”რაც გულისხმობს, რომ სრულად უნდა აღდგეს ურთიერთობებში პარიტეტი, უნდა მოიხსნას ყველა დაბრკოლება: ემბარგო, უნდა გაიხსნას საზღვარი და უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს”.
ბეჟუაშვილის განცხადებით, მომდევნო 2-3 კვირაში თბილისი შეიმუშავებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების ”საგზაო რუქას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)