
ახალი მემარჯვენეები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ
ახალი მემარჯვენეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ კოალიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.
”ბოლო ხანს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კონსულტაციების საილუსტრაციოდ ტელეკომპანიები საარქივო მასალას იყენებენ. ამ კადრებიდან ჩანს, თითქოს დიალოგს ჩვენი, ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლებიც აწარმოებენ,”- ნათქვამია ახალი მემარჯვენეების პრესსამსახურის განცხადებაში, ”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანება ახალი მემარჯვენეები ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს”.
აქვე, ახალი მემარჯვენეები აცხადებენ, რომ მათი პოზიცია 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. ამ ოპოზიციური პარტიის პოზიციაა, რომ არჩევნების პირველ ტურს გამარჯვებული კანდიდატი არ გამოუვლენია და აუცილებელია გაიმართოს მეორე ტური მიხეილ სააკაშვილს და ლევან გაჩეჩილაძეს შორის.