ახალი ამბები

მოლაპარაკებების დეტალები უცნობი რჩება

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მხოლოდ რამდენიმე ასპექტი გახდა ცნობილი 16 იანვარს, დეტალები კი კვლავ უცნობი რჩება.


ოპოზიციას სურს თანაბარი ბერკეტები მოიპოვოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლო სისტემაში, განაცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორული პარტიიდან 16 იანვარს. მისი თქმით, მეორე ტურის ჩატარებას აზრი არ აქვს, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და სასამართლო სისტემა მიკერძოებული იქნება ხელისუფლების სასარგებლოდ. მან ასევე დასძინა, რომ ეს საკითხი იქნა წამოწეული ხელისუფლებასთან დიალოგში.  


”საზოგადოებრივ არხთან დაკავშირებით უკვე წარმატება არსებობს, რა თქმა უნდა ცესკო-სთან დაკავშირებითაც იქნება იგივე ტიპის მოთხოვნები ოპოზიციის მხრიდან და სასამართლოს მიმართულებითაც  – ეს არის ძირითადი, რომელიც მეორე ტურისთვის გვჭირდება,”- განაცხადა ძიძიგურმა, ”მეორე ტურზე წასვლას აზრი არ ექნება თუკი ტელევიზია, ცესკო და სასამართლო არ იქნა ობიექტური, ამიტომაც სწორედ ამ მიმართულებით მიდის პირველად ამ მოთხოვნების აქტუალიზაცია”.


ძიძიგურის განცხადებით, ცესკო უნდა დაკომპლექტდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანაბარი მონაწილეობით. ამჟამად, ოპოზიციას ცესკო-ში ექვსი წევრი ჰყავს, ხოლო ხელისუფლებას შვიდი. ძიძიგურმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს მაკონტროლებელ ორგანოში  – იუსტიციის საბჭოში – უნდა განხორციელდეს ცვლილებები.


დეპუტატმა კახა კუკავა კონსერვატორული პარტიიდან 16 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნაა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის წინააღმდეგ, რომელმაც, მისი თქმით, ”ხმები მოიპარა” მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ.


დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა, რომელიც ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრია, 16 იანვარს განაცხადა, რომ ასევე განიხილებოდა კონტროლის პალატაზე ბერკეტების მიღების საკითხი.


ოპოზიციური კოალიციის წევრების უმეტესობა საჯარო გამოსვლებში აცხადებს, რომ მეორე ტურის ჩატარება მათი ძირითადი მოთხოვნაა. თუმცა, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის კომენტარებში მეორე ტურთან დაკავშირებით პესიმისტური ტონი შეინიშნება. დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან 16 იანვარს “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ რადგანაც ხელისუფლება მეორე ტურის და ხმების ხელახლა გადათვლის წინააღმდეგია, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადება და იმ ფაქტზე გაამახვილებს ყურადღებას, რომ ”სააკაშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია”.


ამასობაში, დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან განუცხადა Civil.Ge.-ს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე პროცესს არ შეიძლება ეწოდოს მოლაპარაკება. ”ეს არ არის კლასიკური მოლაპარაკებები, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ კომპრომისებზე წასვლას,”- განაცხადა მან.


ანალოგიური განცხადება გააკეთა ლევან გაჩეჩილაძემ 15 იანვარს, რომლის თქმითაც ამას უფრო ”ლაპარაკი” ჰქვია, ვიდრე მოლაპარაკება.


ხელისუფლების წარმომადგენლები თავს იკავებენ ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ კომენტარების გაკეთებისგან, რადგანაც შიშობენ, რომ შინაარსის გახმოვანებამ შესაძლოა ჩაშალოს პროცესი. 


გარკვეული სიცხადე ამ პროცესში შესაძლოა 17 იანვარს ოპოზიციური კოალიციის მიერ დაგეგმილმა პრესკონფერენციამ შეიტანოს.

Back to top button